მთავარი » 2010 ოქტომბერი 15 » უცხოპლანეტელების შესახებ
07:55 უცხოპლანეტელების შესახებ | |
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს უცხოპლანეტელების ხილვის, მათი სტუმრობის, მათ მიერ ადამიანების მოტაცების და ა.შ., ეკლესია მათ არსებობას არ აღიარებს. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის სხეულზე დატოვებულ ლაქებს კი თავად უფოლოგებიც ეშმაკის ნიშანს ეძახიან. ვნახოთ, რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე). – მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს? – არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით, რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება. იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, კოსმიური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი, რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. აქედან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმედს გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის. ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ–ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ე.წ. თეთრი ხმაური, ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდა, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას, გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმეს სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ "ჩანჩქერიდან". ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. – გარკვეული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმდენად კატასტროფულია ეკოლოგიური მდგომარეობა და ხსნის გზებს კოსმოსში, მაღალგანვითარებცლი ცივილიაზიციების ძიებაში ხედავენ. – ვარაუდი იმისა, რომ რაიმე ცივილიზაცია არსებობს კოსმოსში, შეიძლება, მაგრამ უფოლოგები და სპეციალისტები რაიმე დასკვნას და შედეგს ვერ დებენ. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ამდენი ხანია კაცობრიობა, უკვე თავის განვითარების უსაფრთხო ზღვარს გადავიდა. კაცობრიობის მიერ დაგროვილმა ტექნიკურმა ცოდნამ საფრთხის მომტანი ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად გადაშენება გვემუქრება, თუ არ შევწყვეტთ ეკოლოგიურ დაბინძურებას. კაცობრიობის განვითარებაში ბოლო ასი წელი ფეთქებადი იყო. თუნდაც მეოცე საუკუნე. ამ საუკუნეში კაცობრიობამ გადაადგილების სიჩქარე ასჯერ გაზარდა, ენერგიათა სიმძლავრე – ათასჯერ, გამანადგურებელი იარაღის სიმძლავრე – ნულიდან ასიათასჯერ, ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიის სახით – მილიონჯერ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ჩვენთვის მიუწვდომელი რაღაც სიჩქარით მივისწრაფით ჩვენი გონების გაუგებარი, უსაზღვრო განვითარებისკენ. დედამიწას არ აქვს უსასრულო რესურსი. კაცობრიობა იმხელა ენერგიას მოიხმარს, რომელიც ყოველ ოც წელიწადში ორმაგდება და ამ ტემპებით ორასი წლის შემდეგ ათასჯერ გაიზრდება ენერგიის მოხმარების რაოდენობა. ამ გაგებით, ფაქტობრივად მივდივართ დედამიწის რესურსების საბოლოო ამოწურვამდე, დედამიწის გადახურებამდე, რაც შემდეგ უკვე მასზე ცოცხალი არათუ ადამიანების, არამედ ორგანიზმების არსებობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. თუ გავიხსენებთ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსს, არ გვინდა უცხო პლანეტებზე გადასვლა, დედამიწაზეც საშინელი განსაცდელები გველოდება, რომლებიც მხოლოდ ღვთის წყალობით თუ იქნება შეჩერებული. ვერავითარი დიდი ნახტომი და სხვა პლანეტებზე გადასვლა ვერ გვიშველის, თუ ჩვენ აქ, დედამიწაზე, არ მოვინანიეთ, არ ვიზრუნეთ ეკოლოგიურ სიწმინდეზე, მენტალურ, სუფთა ურთიერთობებზე. საქართველოს არ სჭირდება ამის შეხსენება, არც ეკოლოგიური კატასტროფები გვაკლია და არც ტერიტორიების დაკარგვა. თუ არ გვინდა დედამიწა გახდეს სასაფლაო, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა სადმე სხვაგან ცივილიზაცია, არამედ იმაზე, საშიშია თუ არა ჩვენი ფსევდოცივილიზაცია ჩვენთვისვე. არსებობს ჰიპოთეზები და უფოლოგიური სექტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გენური ინჟინერიით იქნა დანერგილი დედამიწაზე სიცოცხლე, რაც არასაღი თეორიაა. თქვენ ახსენეთ მოტაცების ფაქტორი. რომ არ ავიღოთ რელიგიური წყაროები, თვითონ ოკულისტებს და ეზოთერიკოსებს აქვთ ჰიპოთეზები, რომ ესენი არიან გარკვეული ტიპის დემონური არსებები, რომლებიც ადამიანის სხეულზე ჯდებიან და წოვენ მათ. ეს უფრო დემონური არსებების ფსიქიკურ თავდასხმებს ჰგავს ადამიანებზე. 1928 წელს იყო დედამიწის მცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც ე.წ. ნიკომომ რადიოში, 75 მეტრი სიგრძის ტალღაზე წაიკითხა. უცხოპლანეტელთა კოალიციური ტალღის რაზმი მიმართავდა დედამიწის ბინადრებს, რომ ჩვენი გალაქტიკის მეზობელ ადგილებში არსებობს ციკლონი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე სხვადასხვა პლანეტაზე და კაცობრიობას მოუწოდა, შეუერთდეს რაიმე კოალიციას, რომ დედამიწა გამოყვანილ იქნეს ამ საშიში მდგომარეობიდან. ეს ტრანსლაცია მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში, თუმცა ვერ იქნა დაფიქსირებული, საიდან და როგორ. შეიძლება ამ შემთხვევაში დიდ მისტიფიკაციასთან გვქონდეს საქმე. არსებობს საიდუმლო საზოგადოებები, დაწყებული მასონებიდან დამთავრებული დაფარული საზოგადოებებით, რომლებიც საკმაოდ ძლიერად მუშაობენ. მასონურ ორგანიზაციებს აწყობთ ინფორმაციის დათესვა, რომ ჩვენ გარდა სხვა ცივილიზაციაც არსებობს, რომ დედამიწა არ არის უნიკალური. ამბობენ, რომ ქრისტე მარსზეა და მარსზე ასრულებს იმავეს, რასაც აღასრულებდა აქ, რომ ქრისტე და ბუდა ერთი და იგივეა. დემონური, მასონურ–ოკულტური მიმდინარეობები დღეს ძლიერია და იფუთება მეცნიერულ, ასტრონომიულ, ასტროფიზიკურ ბაფთაში. – ყოფილა შემთხვევები, როცა უცხოპლანეტელებს ადამიანებთან სახლშიც უცხოვრიათ რაღაც პერიოდი. თუ არ არსებობენ, მაშინ ვინ იყვნენ ის არსებები? – ვიმეორებ – ეკლესია ურყოფს, რომ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ჩამოსულია რომელიმე გალაქტიკიდან და ჩვენთვის რაიმე სასიკეთო ან პირიქით, ცუდი უნდა. ეკლესია ამბობს, რომ იქ ცხოვრობდნენ არა უცხოპლანეტელები, არამედ დაცემულ სულთა რომელიმე ტიპი, დემონთა რომელიმე ტიპოლოგია. არსებობენ ისეთი დემონები, რომელთაც მიიღეს უცხოპლანეტელთა ფორმა. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის რომელიმე ცივილიზაციის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ის არის ადამიანის დამღუპველი არსება, რომელიც ამა თუ იმ სახით ადამიანთან კონტაქტში შესვლას ლამობს. – წმინდა მამების წინასწარმეტყველებაში თუ არის ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ისინი ხომ სამოთხესაც ხედავნენ და ჯოჯოხეთსაც? – ამაზე წმინდა მამათა აზრი ცალსახაა. ამბობენ, რომ არ არსებობს უცხო ცივილიზაციები. არსებობს ცივილიზაციის ერთი სახე, რომელსაც ვხედავთ დედამიწაზე. წმინდა წერილში სწორი და მართალი წარმოდგენაა სამყაროზე. ნურავინ ეძებს წმინდა მამებში და წმინდა წერილში გეომეტრიისა და ბირთვული ელემენტების ან ქიმიის კანონებს. როცა წავაწყდებით ასტრონომიის, ასტროფიზიკის ან ბიოლოგიის კანონების შეუსაბამობას, გვგონია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას. ეკლესია კი არ ებრძვის მეცნიერებას, ათეიზმი ებრძვის მას. ნახევარ ცოდნას კი არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, სრულ ცოდნას მიჰყავს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |