მთავარი » 2011 ივნისი 16 » თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი23,24,26)
22:49 თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი23,24,26) | |
ნაწილი 23 ტელეფონზე ლაპარაკს ჩქარა მოვრჩი, მეშინოდა მშობლებმა არ მომისწრონ-მეთქი. მაგრამ გადავრჩი. მისტერ ანტოლინის ძალიან გაეხარდა. თუ გინდა ახლავე მოდიო, მითხრა. ეტყობა ეძინათ – ცოლსაც დამასაც – დიდხანს არ მოსულან ტელეფონთან. ხომ არაფერი მომხდარაო, პირველად ეს მკითხა, და არაფერი-მეთქი, მეც ვუპასუხე. ოღონდ პენსიდან გამორიცხვის ამბავი მაინც ვუთხარი. გადავწყვიტე, რომ მისთვის კი შეიძლებოდა ამის თქმა. ღმერთო დიდებულოო, ესღა წამოიძახა. ხუმარა კაცი იყო. თუ გინდა, ახლავე მოდიო, მითხრა. ამ მისტერ ანტოლინისთანა მასწავლებელს მე არავის შევხვედრივარ. სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი იყო; დ.ბ.-ზე ცოტათი უფროსი. რამდენიც არ უნდა გეხუმრა და გელაზღანდარა მასთან, პატივისცემას ერთი ბეწოთი არ დაჰკარგავდა. მე რომ ჯეიმს კასლი ვახსენე – ფანჯრიდან გადახტა-მეთქი – პირველად სწორედ ანტოლინი მიიჭრა და აიყვანა, მაშინვე მაჯა გაუსინჯა, მერე პალტო გაიხადა, გადააფარა და საავადმყოფოში გააქანა. სულაც არ დაფიქრებულა, პალტო სისხლში არ მოითხვაროსო. დ.ბ.-ს ოთახში რომ შევბრუნდი, ფიბის უკვე რადიო ჩაერთო. საცეკვაო მუსიკას გადმოსცემდნენ. დაბალ ხმაზე დაეყენებინა, რომ მოსამსახურე გოგოს არ გაეგონა. უნდა გენახათ ჩემი ფიბი! ზის ლოგინში, საბანზე, ფეხები იოგივით მოურთხამს და მუსიკას ისმენს. კინაღამ გავგიჟდი. - ადექი, – ვუთხარი მე, – არ გინდა, ვიცეკვოთ? სულ პატარა იყო, ცეკვა რომ ვასწავლე. დიდებულად ცეკვავს. მე იმდენი არაფერი მისწავლებია, თვითონვე ისწავლა. ნამდვილი ცეკვის სწავლება, საერთოდ, შეუძლებელია, თვითონვე უნდა ისწავლოს ადამიანმა. - ფეხსაცმელები რომ გაცვია! – მითხრა ფიბიმ. - გავიხდი. ადექი! მაშინვე წამოხტა და დამიცადა, მანამ ფეხსაცმელებს გავიხდიდი. კარგა ხანს ვიცეკვეთ. მართლაც რომ დიდებულად ცეკვავს. პატარებთან რომცეკვავენ ხოლმე, როდი მიყვარს, საშინელი საყურებელია. რესტორანში, მაგალითად, ან ამისთანა ადგილებში, ადგება ვინმე ბერიკაცი და თავის პატარა გოგონას გამოიყვანს. ისე უხერხულად მოსდებს ხელს ზურგზე, რომ კაბას სულ წამოუჩეჩავს, ბავშვიც ხეირიანად ვერ ცეკვავს. ერთი სიტყვით, საშინელი საყურებელია. ასეთ ადგილებში არაფრისდიდებით არ ვიცეკვებ ფიბისთან. ჩვენ მარტო შინ ვცეკვავთ ხოლმე, თავის შესაქცევად. თუმცა ფიბი ისე კარგად ცეკვავს, რომ ხალხშიც არ შეგარცხვენს. რაც არ უნდა იცეკვო, გამოგყვება. ოღონდ მჭიდროდ უნდა მიიკრა და მაშინ, თუნდა გაცილებით გრძელი ფეხები გქონდეს, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. კოხტად მოგყვება. გინდა მიუხვიე, რაც გინდა გააკეთე, ჯიტენბაგსაც კი ისე აგიწყობს, ვითომც არაფერიო. თუ გინდა ტანგოც აცეკვე. ოთხი რამე ვიცეკვეთ. უნდა ნახოთ, რა სასაცილოა ცეკვასა და ცეკვას შუა. ერთის ამბით დგას გაწკიპული და ახალი ცეკვის დაწყებას ელოდება. კრინტსაც კი არა ძრავს. ჩაგჭიდებს ხელს და დგახართ ასე, მანამ ორკესტრი ახალ საცეკვაოს დაიწყებდეს. ვგიჟდები პირდაპირ, მაგრამ გაცინების ნებას ვინ მოგცემს! ერთი სიტყვით, ოთხი რამე ვიცეკვეთ და მერე რადიო გამოვთიშე. ფიბი ისევ ახტა საწოლზე და საბანში შეძვრა. - ხომ უფრო კარგად ვცეკვავ? – მკითხა მან. - მერე როგორ! – მე ვუპასუხე. ისევ ლოგინზე ჩამოვუჯექი. სულს ძლივს ვითქვამდი. იმდენს ვწევდი იმ ოხერ სიგარეტს, რომ უკვე სუნთქვა აღარ მყოფნიდა. ფიბი კი ვითომც არაფერიო, დამშვიდებით სუნთქავდა. - აბა შუბლზე დამადე ტუჩები, – მითხრა უცებ. - რათა? - დამადე, დამადე! ვაკოცე, მაგრამ არაფერი არ მიგრძვნია. - დიდი სიცხე მაქვს? - არა, ვითომ რარტომ უნდა გქონდეს? - მაქვს… მე თვითონ ვიწევ სიცხეს; აბა კიდე დამადე. კიდევ დავადე და არც ახლა მიგრძვნია რამე, მაგრამ მაინც ვუთხარი: - ახლა კი, მგონი მართლა აგიწია. არ მინდოდა, რომ ის ოხერი არასრულფასოვნების განცდა განვითარებოდა. თავი დამიქნია. - თერმომეტრზედაც კი შემიძლია ავწიო. - თერმომეტრზე? სად ისწავლე? - ალის ჰოლმბორგმა მასწავლა. ფეხები უნდა გადაჯვარედინო, სუნთქვა შეიკრა და ძალიან, ძალიან ცხელ რამეზე უნდა იფიქრო. მაგალითად, რადიატორზე, ან ასეთ რამეზე. ისე გაგიხურდება შუბლი, ვინმემ ხელი რომ დაგადოს, დასწვავ კიდეც. ერთბაშად მომსპო კაცი. ისე უცებ ავაცალე შუბლიდან ხელი, თითქოს დიდ საშიშროებაში ვყოფილიყავი. - კიდევ კარგი, რომ გამარფრთხილე, – ვუთხარი მე. - ო, შენ კი არ დაგწვავდი. ადრევე შევაჩერებდი, მანამ.. ჩჩუ! – და ერთბაშად გაეკრა ლოგინს. საშინლად დამაფეთა. - რა მოგივიდა? – ვკითხე მე. - დერეფნის კარები! – ჩურჩულით მიპასუხა, – მოვიდნენ! ხელად წამოვხტი, მაგიდასთან მივირბინე და სინათლე ჩავაქრე. მერე სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე მივასრისე და ჯიბეში ჩავიდე. ჰაერში თამბაქოს კვამლი იდგა და ხელის ქნევას მოვჰყევი – იქნებ გავფანტო-მეთქი. პაპიროსი მაინც არ მომეწია! ბოლოს ფეხსაცმელებს დავტაცე ხელი და კარადაში შევძვერი. კარი მივიხურე. ჰოი ბიჭო, რა ბაგა-ბუი გაჰქონდა ჩემს გულს! გავიგონე, როგორ შემოვიდა დედაჩემი. - ფიბი! – თქვა მან, – თავს ნუ იმძინარებ, დავინახე, რომ სინათლე გენთოთ, ქალბატონო! - ჰელო! – ფიბის ხმა გავიგონე. – აღარ დამეძინა. კარგი დრო გაატარეთ? - დიდებული, – ეს დედაჩემმა თქვა, მაგრამ მაშინვე შეატყობდით, რომ მართალს არ ამბობდა. მაინცდამაინც ვერ ერთობა, როცა სტუმრად დადის, – რატომ არა გძინას, ქალბატონო? ხომ არ შეგცივდა? - სულაც არშემცივნია. ისე, არ დამეძინა. - ფიბი, პაპიროსი ხომ არ მოგიწევია? მართალი მითხარი, ქალბატონო. - რაო? – ფიბი შეეკითხა. - გაიგონე, რა გითხარი? - ერთი წუთით მოვუკიდე და ხელადვე ჩავაქრე. ერთხელ მეტად არ მომიწევია, მაშინვე ფანჯრიდან გადავაგდე. - იმ ერთხელაც რარტომ მოსწიე? - არ დამეძინა. - ცუდი გიქნია, ფიბი. ძალიან ცუდი გიქნია, – უთხრა დედამ, – მეორე საბანი ხომ არ გინდა? - არა, მადლობელი ვარ. ღამე მშვიდობით. – თქვა ჩემმა ფიბიმ. უნდოდა, როგორმე ჩქარა მოეშორებინა თავიდან. - კინო მოგეწონა? – ჰკითხა დედამ. - მშვენიერი იყო. მაგრამ ალისის დედამ გააწყალა გული. ხომ არ გაჟრჟოლებსო, რომ დაჟინა ალისს, აღარ მოასვენა – წარამარა გადმოიხრებოდა და ჰკითხავდა. ტაქსით დავბრუნდით. - მოდი ერთი, შუბლზე გაკოცო. - ნუ გეშინია, მე არ გადმომდებია, არც არაფერი სჭირვებია. დედამისმა აიკვიატა მხოლოდ. - კარგი, დაიძინე. სადილი როგორი იყო? - საძაგელი, – უთხრა ფიბიმ. - ხომ არ გახსოვს, მამაშენმა რა გითხრა მაგ სიტყვისთვის?! მაინც რა იყო საძაგელი? მშვენიერი ბატკნის კატლეტი მოგართვეს. მთელი ლექსინგტონ ავენიუ შემოვიარე მაგით… - ბატკნის კატლეტს არა უშავდა, მაგრამ ჩარლინამ არ იქნება, რო მსახეში არ შემომასუნთქოს, როცა საჭმელს მაწვდის. სულ დაორთქლავს ხოლმე კერძს. ყველაფერს უნდა დააორთქლოს. - კარგი, დაიძინე. დედას აკოცე. ხომ ილოცე? - სააბაზანოში ვილოცე. ღამე მშვიდობისა. - ღამე მშვიდობისა. დაიძინე ახლა. თავი ისე მტკივა, რომ მისკდება პირდაპირ, – თქვა დედამ. ხშირად იცის თავის ტკივილი. აწამებს. - ასპირინი დალიე, – უთხრა ფიბიმ, – ჰოლდენი ალბათ ოთხშაბათს ჩამოვა, არა? - მე მგონი. აბა, დაიხურე და დაიძინე. დედაჩემი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. ორი კიდევ დავიცადე და კარადიდან გამოვძვერი. უცებ ფიბის დავეჯახე კარგა მაგრად – თურმე ამ სიბნელეში ლოგინიდან წამოხტა და ჩემსკენ გამოიქცა, გამოდიო, უნდა ეთქვა. - ხომ არაფერი გატკინე? – ვკითხე. ჩურჩულზე გადავედით, რადგან დედაც და მამაც ორივენი შინ იყვნენ უკვე. – ახლავე უნდა მოვუსვა. სიბნელეში ლოგინი მოვძებნე და ჩამოვჯექი, ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ძალიან ვღელავდი, უნდა გამოგიტყდეთ. - ჯერ ნუ მიდიხარ, – ფიბიმ წამჩურჩულა, – ბარემ დაიძინონ! - არა, უნდა წავიდე. ახლა ჯობს, – ვუთხარი მე, – მანამ დედა სააბაზანოშია. მამა ალბათ ახალ ამბებს ისმენს რადიოში. ახლავე ჯობს, – ისე ვღელავდი, რომ ძლივსძლივობით შევიკარი ფეხსაცმლის თასმები. განა მომკლავდნენ ან რამეს მიზამდნენ, კიდეც რომ დავეჭირე, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა, – შენ სადღა ხარ? – ვკითხე ფიბის. ისე ბნელოდა, რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი. - აქა ვარ, – თურმე გვერდში მიდგას და მე კი ვერ ვხედავ. - ჩემოდნები სადგურზე მაქვს დატოვებული, – ვთქვი მე, – მოიხედე, ცოტა ფული ხომ არ გექნება ფიბი? სულ გამოვიფხიკე. - საშობაო საჩუქრების ფულიღა მაქვს. ჯერ არაფერი მიყიდია. - აჰ! საშობაო საჩუქრების ფულს როგორ წავართმევდი. - გინდა? – მკითხა ფიბიმ. - საშობაო საჩუქრების ფულს არ გამოგართმევ. - ცოტას მოგცემ, – თქვა მან. მერე გავიგონე, როგორ ფათურობდა დ.ბ.-ს მაგიდასთან. ათასი უჯრა მაინც გამოაღო და გადმოქექა. ოთახში ისე ბნელოდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი, – თუ მართლა წახვედი, სცენაზე როგორღა მნახავ? – მითხრა ფიბიმ. სასაცილოდ აუთრთოლდა ხმა. - გნახავ, როგორ არ გნახავ. გნახავ და მერე წავალ. შენ გგონია, წარმოდგენაზე არ მოვალ? – ვუთხარი მე, – ახლა ავდგები და მისტერ ანტოლინისთან მივალ, სამშაბათ საღამომდი იქ დავრჩები. მერე კი შინ მოვალ. თუ მოვახერხე, დაგირეკავ. - გამომართვი, – მითხრა ჩემმა ფიბიმ. უნდა მოეცა, მაგრამ ვერ მომაგნო. – სადა ხარ? – ხელში ჩამიდო ფული. - დაიცა, ამდენი არ მინდა, – ვუთხარი მე – ორი დოლარი მეყოფა. არ გეხუმრები… აჰა, – ვცადე უკანვე დამებრუნებინა. მაგრამ არ გამომართვა. - სულ წაიღე, და მერე გადამიხადე. წარმოდგენაზე რომ მოხვალ, იქ მომიტანე. - მერე, აქ რამდენია? - რვა დოლარი და ორმოცდახუთი ცენტი… სამოცდაექვსი ცენტი. დანარჩენი დამეხარჯა. უცებ ტირილი არ წამსკდა! ვერასდიდებით ვერ შევიმაგრე თავი. ვცდილობ არავის გავაგონო, თან კი ცრემლად ვიღვრები. ფიბი საშინლად დაფეთდა, მე რომ ტირილი დავიწყე, მოვიდა და ფერება დამიწყო. ცდილობს დამამშვიდოს, მაგრამ ერთი თუ წაგსკდა ცრემლები, რაღა ოხრობა გაგაჩერებს! ლოგინიდან არც ავმდგარვარ. ფიბიმ მხარზე მომხვია ხელი, მეც გადავეხვიე, მაგრამ მაინც დიდხანს ვერ დავმშვიდდი. მეგონა, ვიხრჩობოდი. ჰოი, ბიჭო, როგორ დავაფეთე ჩემი საწყალი ფიბი! იმ ოხერი ფანჯარაც ღია იყო და ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა, რადგან პიჟამას ამარა იყო. ლოგინში ჩაწექი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. ბოლოს, როგორც იყო, დავჩუმდი. მაგრამ ამასობაში დიდი ხანი გავიდა. მერე პალტოს ღილები შევიკარი. უსათუოდ დაგიკავშირდები-მეთქი, ფიბის ვუთხარი. დარჩი და ჩემს ოთახში დაიძინეო, ფიბიმ შემომთავაზა, მაგრამ არა-მეთქი, მე ვუპასუხე, მისტერ ანტოლინი მელოდება და ისედაც არ ღირს-მეთქი. მერე ჯიბიდან ჩემი სანადირო ქუდი ამოვიღე და ფიბის მივეცი. ჭკუას კარგავს ხოლმე ამისთანა სულელურ ქუდებზე. ჯერ უარზე იდგა, არ იღებდა, მაგრამ ძალათი მივეცი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ იმ ქუდიანად დაიძინებდა. პირდაპირ გიჟდება ამისთანა ქუდებზე. ბოლოს კიდევ ვუთხარი, თუ მოვახერხე უსათუოდ დაგირეკავ-მეთქი და წამოვედი. წამოსვლა, რატომღაც გაცილებით ადვილი გამოდგა. მისვლა უფრო გამიძნელდა. ჯერ ერთი, დიდად უკვე აღარ ვწუხდი, დამიჭერდნენ თუ არა. ის კი არადა, სულაც არ შევწუხდებოდი. დამიჭერენ და დამიჭირონ-მეთქი, ვფიქრობდი. გულში ვნატრობდი კიდეც, ნეტა დამიჭირონ-მეთქი. ლიფტში აღარ ჩავმჯდარვარ, ფეხით დავეშვი. ეზოს კიბეებით ჩამოვედი. ათასჯერ კინაღამ მოვიტეხე კისერი სანაგვე ყუთებზე, როგორც იქნა ჩამოვედი დაბლა. მელიფტეს აღარც კი დავუნახივარ. ალბათ ახლაც იმ დისკტაინებთან ვგონივარ. ნაწილი 24 მისტერ და მისის ანტოლინებს სანაქებო ბინა ჰქონდათ სატონ პლეისზე, ორ საფეხურს ჩაინაცვლებდი და სასტუმრო ოთახში შევხვიდოდი. რაღა ეს ოთახი და რაღა ბარი! მშვენივრად ჰქონდათ მოწყობილი. ბევრეჯერ ვყოფილვარ იმათსა, რადგან ჩემი ელექტროჰოლიდან წამოსვლის შემდეგ მისტერ ანტოლინი ხშირად მოდიოდა ხოლმე სადილად ჩვენთან და ჩემს ამბავს გებულობდა. მაშინ უცოლო იყო. ცოლი რომ შეირთო, ჩოგბურთს ვეთამაშებოდი ხშირად მასაც და მისის ანტოლინისაც, ფორესტ-ჰოლის საჩოგბურთო კლუბში, ლონგ აილენდზე. მისის ანტოლინი იმ კლუბში იყო ჩაწერილი. ფული თავზესაყარი ჰქონდა ქალს. ბარე სამოცი წლით უფროსი იქნებოდა მისტერ ანტოლინიზე, მაგრამ, ეტყობოდა, კარგად შეეთვისნენ ერთმანეთს. ჯერ ერთი, რომ, ორივე ძალიან განათლებული იყო, განსაკუთრებით მისტერ ანტოლინი. ოღონდ, საუბარს რომ გაუბამდი, ხუმრობა უფრო უყვარდა, ვიდრე ჭკვიანური ლაპარაკი. დ.ბ.-ს ხასიათი ჰქონდა. მისის ანტოლინი უფრო სერიოზული ქალი გახლდათ. ასთმა აწვალებდა საწყალს. ცოლსაც და ქმარსაც დ.ბ.-ს მოთხრობები სულ გადაკითხული ჰქონდათ, და დ.ბ.-მ რომ ჰოლივუდში დააპირა წასვლა, მისტერ ანტოლინიმ დაურეკა, ნუ წახვალო. მაინც წავიდა. ვისაც დ.ბ.-სავით უჭრის კალამი, ჰოლივუდში რაღა ესაქმებაო. მეც სულ ამას არ გავიძახი? ფეხით წავალ-მეთქი, ვიფიქრე, ფიბის საშობაო საჩუქრების ფული მინდოდა დამეზოგა, მაგრამ ქუჩაში რომ გამოვედი, ცუდად შევიქენი. თავბრუ დამესხა რაღაცნაირად. რა უნდა მექნა _ ტაქსი დავიჭირე. სხვა გზა არ იყო. ტაქსის შოვნაც კი გაჭირდა. ვიღაც ნაბიჭვარი მელიფტე იყო, არასდიდებით არ მიშვებდა ლიფტში. ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე. კარი თვითონ მისტერ ანტოლინიმ გამიღო. აბანოს ფლოსტებში ჩაეყო ფეხები, ხელში კი ვისკიანი მოზრდილი ჭიქა ეჭირა. მაგარი მსმელი იყო. _ ჰოლდენ, ჩემო ბიჭო! _ შესძახა მისტერ ანტოლინიმ, _ ღმერთო ჩემო, ოცი გოჯით კიდევ გამაღლებულა. როგორ გამახარე! _ როგორ გიკითხოთ, მისტერ ანტოლინი? მისის ანტოლინი როგორა ბრძანდება? _ რა გვიჭირს, დენდებივით ვართ. პალტო მომეცი, _ გამომართვა და დაჰკიდა, _ მე მეგონა, ხელში ახალდაბადებული ბავშვი გეყოლებოდა. საშველი არ არის. წამწამები თოვლით გევსება. _ ზოგჯერ რომ დაიქოქება, სულ ხუმრობს და ხუმრობს. მიბრუნდა და სამზარეულოსკენ გასძახა: _ ლილიან! ყავა არ გაამზადე? _ ლილიანი ერქვა მისის ანტოლინის! _ მზად არის! _ გამოსძახა ცოლმა, _ ჰოლდენი მოვიდა? გამარჯობა, ჰოლდენ! _ გამარჯობა, მისის ანტოლინი! ამათ სახლში მუდამ ღრიალია. იმიტომ, რომ თავისდღეში ერთად ვერ ნახავთ, სულ სხვადასხვა ოთახში არიან. საოცარია, პირდაპირ! _ დაჯექი, ჰოლდენ, _ მითხრა მისტერ ანტოლინიმ. გადაკრულში იყო. ეტყობოდა, ახლახან დაემთავრებინათ ქეიფი: ირგვლივ სულ ჭიქები და თხილიანი თეფშები ეწყო. _ ბოდიშს ვიხდი, ალაგება ვერ მოვასწარით, _ თქვა მან, _ მისის ანტლინის ბუფალოელი მეგობრები გვეწვივნენ… მართალი თუ გინდა, თვითონაც კაი გამწევი ხარები არიან. გამეცინა. მისის ანტოლინიმ სამზარეულოდან რაღაც დამიყვირა, მაგრამ ვერ გავიგე. _ რა მითხრა? _ ვკითხე მისტერ ანტოლინის. _ რომ შემოვალ, ნუ შემომხედავო. ლიგინიდან წამოდგა. პაპიროსი მოსწიე. აღარ სწვე? _ გმადლობთ. _ კილოფიდან სიგარეტი ამოვიღე, _ ცოტასღა ვწევ. ათასში ერთხელ. _ ვიცი, როგორ არა! _ მაგიდიდან უშველებელი სანთია აიღო და მომიკიდა, _ ესეც ასე. მაშ, პენსი და თქვენ საბოლოოდ გაეყარეთ ერთმანეთს! _ ამისთანა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი იცოდა. ზოგჯერ ვერთობოდი, მაგრამ ყოველთვის არა. გადაამლაშებდა ხოლმე ენამოსწრებული არ იყო-მეთქი, როდი ვამბობ, პირიქით, მაგრამ ზოგჯერ ნერვები აგეშლება, კაცი რომ ატყდება და სულ ასე გელაპარაკება: «მაშ, პენსი და თქვენ საბოლოოდ გაეყარეთ ერთმანეთს!» ზოგჯერ დ.ბ.-მაც იცის ხოლმე გადამლაშება. _ მაინც რა მოხდა? მკითხა მისტერ ანტოლინიმ, _ ინგლისური ჩააბარე? მაგაშიაც თუ ჩაფლავდი, იცოდე, სახლიდან გაგადებ, ინგლისურ წერაში ჩემი პატარა ფალავანი შენ იყავი. _ ო, ინგლისური კარგად ჩავაბარე. თუმცა, უმთავრესად ლიტერატურას გავდიოდი. მთელს მეოთხედში ორად-ორი თხზულება თუ მექნება დაწერილი, _ ვუთხარი მე, _ ზეპირში ჩავვარდი. ზეპირიც შემოიღეს. და ჩავფლავდი კიდეც. _ რა მოგივიდა? _ რა ვიცი. _ სულაც არ მეხალისებოდა ამის ლაპარაკი. თავბრუ ხომ მესხმოდა, და ახლა საშინელი თავის ტკივილიც დაემატა. მისკდებოდა თავი. მაგრამ ისე ჩანდა დაინტერესებული ჩემი გამოცდებით, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა რამე მეამბნა, _ რაღაც უცნაური კურსია: ყოველი მოწაფე უნდა წამოდგეს და სიტყვა წარმოთქვას _ სახელდახელოდ უნდა მოიფიქროს რაიმე თემა და იმ თემაზე ილაპარაკოს. თემას თუ გადაუხვია, ყველა ერთხმად შებღავლებს _ «გადაუხვია! გადაუხვია!» ვგიჟდებოდი პირდაპირ. სწორედ ამაში ჩავფლავდი. _ რა მოგივიდა? _ რა ვიცი. ნერვებს მიშლიდა ხოლმე ის შებღავლება. თვითონვე არ ვიცი, რა მომივიდა. მთელი უბედურება ის არის, რომ მე სწორედ თემიდან გადახვევა მიყვარს. უფრო საინტერესოა. _ კაცი რომ ამბავს დაიწყებს, არ გინდა ბოლომდე გიამბოს? _ მინდა, როგორ არ მინდა! თუ დაიწყებს, უნდა დაამთავროს კიდეც, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ააწყობენ და სულ ერთსა და იგივეს უტრიალებენ. არ ვიცი. ალბათ ჩემს ხასიათს არ ეგუება სულ ერთსა და იგივეზე ლაპარაკი. ვინც ერთი თემა აირჩია და ბოლომდე იმ თემას გაჰყვა, კარგი ნიშნებიც მიიღო _ ამაზე რა მეთქმის. მაგრამ ერთი ბიჭი იყო, რიჩარდ კინსელა, მაინცდამაინც არა ცდილა ერთ თემაზე ლაპარაკს და საშველიც აღარ მისცეს _ სულ «გადაუხვია!» უძახეს. საშინელებაა პირდაპირ. ჯერ ერთი, რომ ძალიან ნერვიული ბიჭი იყო _ მეტისმეტად ნერვიული _ მისი ჯერი რომ მოვიდოდა, სულ ტუჩები უთრთოდა. უკანა რიგებში თუ იჯექი, ვერაფერსაც ვერ გაიგონებდი. მაგრამ, როცა დამშვიდდებოდა და ტუჩებიც დაუწყნარდებოდა, ყველაზე კარგად ის ბიჭი ყვებოდა ხოლმე. რა გინდა, ფაქტიურად ისიც ჩაჭრეს. ორიანი მიიღო პლიუსით. იმიტომ, რომ აღარ მოასვენეს «გადაუხვიას!» ძახილით. მამამისს ვერმონტში ერთი ფერმა უყიდია და ვთქვათ იმის ამბავი დაიწყო. ვინ დააცლის _ სულ «გადაუხვია-გადაუხვიას» ბღავიან! მასწავლებელი მისტერ ვინსონიც ორიანს უწერს _ რა ცხოველები გყავთ იმ ფერმაში ან რა ბოსტნეულს იწევდით, ეს რატომ არ გვიამბეო. ეს რიჩარდ კინსელა კი ჯერ ფერმის ამბავს მოჰყვება, და უცებ ბიძის წერილზე გადახტება. დედამისს მიუღია წერილი. ორმოცდაორი წლის ბიძას თურმე პოლიომელიტი შეჰყრია, და საავადმოფოში კაციშვილს არ უშვებს, არ უნდა რკინის კორსეტში ნახოს ხალხმა. სად ფერმა და სად ბიძის ავადმყოფობაო… და მართალიცაა, მაგრამ თუკი საინტერესოა?! იმას რა სჯობს, როცა კაცი თავისი ბიძის ამბავს გიამბობს! მით უმეტეს, მამის ფერმის აღწერით თუ დაიწყებს და უცებ უფრო საინტერესო ამბავზე გადახტება. კაცი გატაცებით ყვება, აღფრთოვანებულია, და უცებ «გადაუხვია», «გადაუხვია!» ამაზე მეტი საშინელება იქნება!.. რა ვიცი. ძნელი ასახსნელია, _ თუმცა არც კი ვცდილვარ ახსნას. ახსნის დარდი ვის ჰქონდა _ თავი მისკდებოდა. იმასღა ვნატრობდი, ბარემ შემოვიდეს მისის ანტოლინი და ყავა შემოიტანოს-მეთქი. გულზე ვკსდები ხოლმე _ ყავა მზად არისო, გეუბნებიან, და არ შემოაქვთ. _ ჰოლდენ… ერთი პატარა, ცოტა არ იყოს, ვიწრო პედაგოგიკური შეკითხა მინდა მოგცე. როგორა გგონია _ განა ყველაფერს თავისი დრო და ადგილი არ უნდა ჰქონდეს? მამის ფერმის აღწერას თუ დაიწყებ, არა სჯობია ფერმაზე ილაპარაკო, და ბიძის ავადმყოფობის ამბავს კი მერე მოჰყვე? ან არა და, თუკი ასეთი მაცდუნებელია ბიძის ამბავი, რაღა ფერმას გადასწვდი, ადექი და ბიძაშენის ავადმყოფობა გვიამბე! არც ფიქრის თავი მქონდა და არც პასუხისა. თავი მისკდებოდა, საძაგელ გუნებაზე ვიყავი. მართალით გინდა, მუცელიც წამომტკივდა. _ ჰო… რა ვიცი. ალბათ ასეა. თუკი ბიძა უფრო აინტერესებს, მართლაც და რაღა ფერმა აიღო _ ბიძის ამბავი დაეწყო! მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მანამ უინტერესო საგანზე ლაპარაკს დაიწყებდე, ხშირად არც კი იცი, რა უფრო დაგაინტერესებს. ზოგჯერ ვერაფერს ვერ გაუგებ. ჩემის აზრით, უნდა აცალო კაცს, თუკი რამემ დააინტერესა და გატაცებით ჰყვება, გაუშვი _ მოჰყვეს. ძალიან მიყვარს, როცა კაცი გატაცებით ჰყვება. ამას რა სჯობს! თქვენ არ მოსწრებიხართ იმ მასწავლებელს, მისტერ ვინსონს. გაგაგიჟებდათ, ისიც და მთელი ჩვენი კლასიც. რომ ჩაგაცივდებოდათ _ «განაზოგადე, გაამარტივეო», აღარ მოგცემდათ საშველს. მაგრამ ზოგჯერ რომ შეგხვდება ისეთი რამე, ვერაფერს რომ ვერ მოუხერხებ. ესე იგი, სხვისი ხუშტურის მიხედვით ვერც განაზოგადებ და ვერც გაამარტივებ. თქვენ არ მოსწრებიხართ იმ ვაჟბატბს, მისტერ ვინსონს. განათლებულიც იყო და ყველაფერიც, მაგრამ მაშინვე შეატყობდი, რომ ცოტა ჭკუა აკლდა. _ აბა, ჯენტლმენებო, როგოც იქნა გაღირსეთ ყავა, _ თქვა მისის ანტოლინიმ. ლანგარით შემოიტანა ყავა, ნამცხვარი და ამისთანა რაღაცეები. _ ნუ მომაშტერდით, ჰოლდენ, საშინლად ჩამობრანძული ვარ. _ გამარჯობათ, მისის ანტოლინი, _ ვთქვი მე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ მისტერ ანტოლინიმ პიჯაკის კალთას დამწია და დამსვა. თმის დასახვევად რომ რკინის პაპილოტებს ხმარობენ, მთელი თავი იმითOჰქონდა დაფარული მისის ანტოლინის, თან ტუჩებიც არ ჰქონდა შეღებილი და ვერ იყო მაინცდამაინც სასიქადულო სანახავი. შებერებულიც ჩანდა. _ აგერ დაგილაგებთ ყველაფერს. მე წავალ, თქვენ კი დაბრძანდით და შეექეცით, _ ლანგარი სიგარეტების მაგიდაზე დადო, ჭიქები გვერდზე მისწია. _ დედა როგორ არის, ჰოლდენ? _ კარგად გახლავთ, გმადლობა. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ბოლოს რომ… _ ა, გენაცვალე, ჰოლდენს თუ რამე დასჭრდეს, თეთრეულის კარადაში აწყვია ყველაფერი, ზემოთა თაროზე. მე დავწვები. ქანცი გამწყდა, _ თქვა მისის ანტოლინიმ. ზედვე ეტყობოდა, რომ საშინლად დაღლილი იყო, _ ლოგინს ხომ გაიშლით თქვენ თვითონ, ბიჭებო? _ ყველაფერს გავაკეთებთ. შენ გაიქეცი, დაწექი, _ უთხრა მისტერ ანტოლინიმ. მერე აკოცა. ქალმა ღამე ნებისა მისურვა და საწოლ ოთახში გავიდა. ხალხს სულაც არ ერიდებოდნენ, ყველას დასანახად რომ პროშტნიდნენ ერთმანეთს. ცოტა ყავა მოვსვი და ქვასავით მაგარი ნამცხვარი მოვკბიჩე. მისტერ ანტოლინიმ კი არაფერს არ დააკარა პირი, ისევ ვისკი დალია. ეტყობოდა, მაგარ ვისკის ამზადებდა. ნამდვილად გალოთდება, თუ თავს არ მიხედა. _ ამ ორი კვირის წინათ მე და მამაშენმა ერთად ვისაუზმეთ, _ მითხრა მან, _ არ გაგიგია? _ არა, არ გამიგია. _ ძალიან აწუხებს შენი ამბავი. ეს ალბათ შენც გეცოდინება. _ ვიცი. ვიცი რომ ძალიან აწუხებს. _ ვუთხარი მე. _ მანამ დამირეკავდა, ეტყობა, შენი უკანასკნელი დირექტრის სალანძღავი წერილი მიეღო _ არაფერს არ აკეთებსო, სკოლას აცდენსო, გაკვეთილებს არ ამზადებსო. ერთი სიტყვით, თავს არაფერზე არ… _ სულაც არ გამიცდენია ანკი ვინ გაგაცდენინებდა! ათასში ერთხელ იმ ზეპირს თუ გავაცდენდი, მე რომ გიამბეთ, თორემ სხვა არაფერი გამიცდენია. ბევრი ლაილაის თავი აღარ მქონია. მუცლის ტკივილი კი დამიყუჩა ცოტათი ყავამ, მაგრამ თავი ისევ მისკდებოდა. მისტერ ანტოლინიმ მეორე სიგარეტს მოუკიდა. გამწარებით ქაჩავდა. მერე თქვა: _ უნდა გამოგიტყდე, არც კი ვიცი, რა გითქრა, ჰოლდენ. _ მესმის. ძნელია ჩემთან ლაპარაკი. მე თვითონ ვხვდები. _ ასე მგონია, რაღაც საშინელი უფსკრულისკენ მიჰქრიხარ-მეთქი. მაგრამ, სინდისს გეფიცები, მე თვითონ ვერ… არ მისმენ? _ როგორ არა. ცდიობდა სერიოზული ყოფილიყო. ამას მაშინვე შეატყობდით. _ ოცდაათი წლისა რომ გახდები, სულ ადვილი შესაძლებელია, უმიზეზოდ შეიზიზღო ვინმე: ვთქვათ ბარში ზიხარ და ვიღაც შემოდის. საკმარისია რომელიმე კოლეჯის ყოფილ ფეხბურთელად მოგეჩვენოს, რომ მაშინვე შეიზიზღებ. ან იქნებ კაი განათლებაც მიიღო და უსწორო მეტყველებისთვის შეიძულო ხალხი. მაგალითად ასე რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში: «ეს შენი და ჩემს შორის დარჩეს». ან იქნებ კანტორაში მოეწყო სადმე და შენს მეზობელ სტენოგრაფისტს ქინძისთავები დაუშინო. რა ვიცი. მგონი, მიმიხვდი, რისი თქმა მინდა! _ დიახ. რა თქმა უნდა, _ ვუთხარი მე. მართლაც მივუხვდი, _ მაგრამ ხალხს შეიძულებო, რომ მეუბნებით, ამაში ცდებით. ფეხბურთელები რად უნდა შევიზიზღო. ამაში არა ხართ მართალი. არც იმდენი ხალხი მძულს. ისეთი ხასიათი მაქვს, ცოტა ხნით თუ შევიძულებ ხალხს. პენსიში მაგალითად, ერთი ბიჭი იყო, სტრედლეიტერი, და რობერტ ეკლი კიდევ. ერთიც შემძულებია და მეორეც _ არ დავფიცავ _ მაგრამ ცოტა ხნით. ის კი არა და, დიდხანს თუ ვეღარ ვნახე _ ან ოთახში არ შემოვიდნენ ან სასადილოში ერთი-ორი ჯერი გამოტოვეს, თვალშიც დამაკლდებიან. ნამდვილად დამაკლდებიან. მისტერ ანტოლინის კარგა ხანს არ გაუღია ხმა. მერე ადგა, ყინულის ნატეხი აიღო, ჭიქაში ჩააგდო და ისევ დაჯდა. ეტყობოდა, რაღაცას ფიქრობდა. ვინატრე ნეტა ახლა მომეშვას და დილით გააგრძელოს ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ მაგრად იყო მომართული. სწორედ მაშინ აეშლება ხოლმე ხალხს ლაპარაკის საღერღელი, როცა გუნებაზე არა ხარ. _ კეთილი და პატიოსანი. ახლა ერთი წუთით დამიგდე ყური… იქნებ ისე გარკვევით ვერ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრება, როგორც მინდა, მაგრამ ამ ორ დღეში ყველაფერს წერილით მოგწერ. მაშინ კი ნამდვილად მიმიხვდები. მაინც დამიგდე ყური _ ისევ ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: _ უფსკრული, საითკენაც შენ მიჰქრი _ სულ სხვა უფსკრულია, საშინელი უფსკრული. იქ გადაჩეხილი კაცი თავის დღეში ფსკერს ვერ შეეხება და ვერც იგრძნობს. სულ ვარდება და ვარდება. ეს ისეთ ხალხს მოსდის, ვისაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში რაღაც ახალი მისწრაფება გასჩენია და ამ მისწრაფების დაკმაყოფილება მის გარემოს ვერ შესძლებია. ან ეჩვენება _ ჩემი გარემო ამას ვერ დამიკმაყოფილებსო. და ამიტომ ხელი ჩაუქნევია, აღარც ცდილობს დაკმაყოფილებას. ჯერ მიღწევას არცა ცდილა და უკვე ხელი ჩაიქნია. მისმენ? _ დიახ, სერ. _ ნამდვილად? _ დიახ. წამოდგა და კიდევ დაისხა ვისკი. მერე ისევ დაჯდა. კარგა ხანს ხმა არ გაუღია. _ არ მინდა შეგაშინო, _ მითხრა მან, _ მაგრამ თვალნათლივ ვხედავ, როგორ ვაჟკაცურად ეწირები ყოვლად უღირსსა და უმნიშვნელო საქმეს, _ რაღაც უცნაურად გამიშტერა თვალი. _ ერთი რაღაც რომ დაგიწერო, გულისყურით წაიკითხავ? შეინახავ მერე? _ დიახ. რა თქმა უნდა. _ ვუთხარი მე. ავუსრულე კიდეც. ახლაც მაქვს ის ქაღალდი, მაშინ ეომ მომცა. საწერ მაგიდასთან მივიდა ოთახის მეორე კუთხეშუ და არც დამჯდარა, ისე რაღაც დაწერა. მერე მობრუნდა და დაჯდა. ქაღალდი ხელში ეჭირა. _ უცნაური ის არის, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის არა პოეტს, არამედ ფსიქოანალიტიკოსს _ ვილჰელმ შტეკელს. ნახე, რას… არ მისმენ? _ გისმენთ, როგორ არ გისმენთ. _ ნახე, რას ამბობს: «ადამიანის მოუმწიფებლობის ნიშანი ის არის, როცა ისწრაფვის ვაჟკაცურად შეეწიროს საქმეს, ხოლო მომწიფებული ადამიანი ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საქმეს ემსახუროს». გადმოიხარა და გადმომცა ქაღალდი. მაშინვე წავიკითხე. მადლობა გადავუხადე და ჯიბეში შევინახე. რაც უნდა იყოს, დიდი სიკეთე გამოიჩინა, რომ ასე შეიწუხა ჩემთვის თავი. ნამდვილად. ოღონდ, უბედურება ის იყო, რომ ფიქრის თავი აღარ მქონდა. ჰოი, ბიჭო, როგორ მოვწყდი ერთბაშად. მისტერ ანტოლინის კი სულაც არ ეტყობოდა დაღლა. თუმცა კაი მაგარი მთვრალი იყო. _ მე მგონი, მალე დაგიდგება ის დღეც, როცა იძულებული იქნები გადაწყვიტო… საით უნდა წახვიდე. და მაშინ ხელადვე უნდა დაადგე არჩეულ გზას. დაუყოვნებლივ. ერთი წუთიც არ უნდა დაკარგო. შენთვისვე იქნება ცუდი. თავი დავუქნიე, იმიტომ, რომ პირდაპირ თვლებში შემომყურებდა, მაგრამ მისი სიტყვები მთლად კარგად არ მესმოდა. თითქოს კი ვხვდებოდი, მაგრამ მაშინ კარგად არ ჩავმწვდარვარ მთავარ არსს. საშინლად დაღლილი ვიყავი. _ ბევრი ჩიჩინი არ მიყვარს, _ თქვა მან, _ მაგრამ ჩემის აზრით, როცა ამ გზას აირჩევ, მაშინვე სკოლაშიაც უნდა მოეწყო. ეს შენთვის აუცილებელია. შენ მეცნიერ ხარ _ სულერთია, მოგწონს ეს სახელწოდება თუ არა. ცოდნას ხარ მოწყურებული. როცა იქნება, უკან მოიტოვებ ამ მისტერ ვინსებს, თავიანთი ზეპირი თხზუ… _ მისტერ ვინსონი, _ ვთქვი მე. მისტერ ვინსონები უნდა ეთქვა, ვინსები კი არა. მაგრამ მაინც არ უნდა შემეწყვეტინებინა. _ კარგი _ მისტერ ვინსონები იყოს. უკან მოიტოვებ ამ მისტერ ვინსონებს და თანდათანობით მიუახლოვდები _ რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ მოისურვებ და მოიწადინებ _ ცოდნის იმ საფეხურს, რაც ძალიან, ძალიან სასურველი იქნება შენი გულისათვის. ბევრ სხვა რამესთან ერთად, მაშინ იმასაც მიხვდები, რომ ხალხის უსაქციელობასა და უსულგოლობას მარტო შენ კი არ შეუწუხებიხარ, მარტო შენ კი არა აუფორიაქებიხარ და დაუშინებიხარ. მიხვდები, რომ კენტად არა ხარ ამ საქმეში და ეს გაგახარებს და ძალა შეგმატებს. ბევრს, ძალიან ბევრს განუცდია ისეთივე სულიერი და მორალური აფორიაქება, რასაც განუცდია ისეთIვე სულიერი და მორალური აფორიაქება, რასაც ახლა შენ განიცდი. საბედნიეროდ, ზოგს ჩაწერლი აქვს ყოველი ასეთი გასაჭირი. შეგიძლია ისწავლო მათგან _ თუკი მოისურვებ. ასევე სხვებსაც შეეძლებათ ისწავლონ შენგან, თუ მიწადინებ და გაუზიარებ. ურთიერთდახმარება დიდებული საქმეა. და არა მარტო ცოდნის სამქეში. პოეზიაშიც, ისტორიაშიც, _ შეჩერდა, კარგა ბლომად მოსვა და კვლავ განაგრძო. ჰოი, ბიჭო, მართლაც რა მაგრად იყო მომართული! კიდე კარგი, რომ არ ვაწყვეტინებდი _ სულაც არ მინდა გიმტკიცო, თითქოს მხოლოდ განათლებულსა და მცოდნე ხალხს სეეძლოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ცხოვრებაში. ეს ტყუილია. მაგრამ ამას კი ვიტყვი, რომ განათლებული და მცოდნე ადამიანები, თუ ამათსან ნიჭიერნი და ხელოვანებიც არიან _ თუმცა ეს, საუბედუროდ იშვიათად ხდება ხოლმე _ უბრალოდ ნიჭიერი და ხელოვანი ხალხი. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მკაფიოდ გამოთქვან აზრი, და ფიქრი როგორმე ბოლომდე მიიყვანონ. რაც მთავარია, ათიდან ცხრა შემთხვევაში მათ უფრო მეტი უბრალოება ახასიათებთ, ვიდრე არამეცნიერ მოაზროვნეებს. ხომ მიმიხვდი? _ დიახ, სერ. დიდხანს აღარაფერი უთქვამს. არ ვიცი, გამოგიცდიათ თუ არა ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ძალიან ძნელი კია იჯდე და იცადო, როდის მოიფიქრებს და იტყვის რამესო. მართლაც, რომ ძნელია. თავს ვიკავებდი, რომ არ დამემთქნარებინა. განა მისი ლაპარაკი მომბეზრდა, სულაც არა. მაგრამ ერთბაშად ძილი მომერია. _ ერთი უპირატესობა კიდევ აქვს აკადემიურ განათლებას: მნიშვნელოვან ცოდნას რომ შეიძენ, წარმოდგენა შეგექმნება – რა შესაძლებლობისაა შენი გონება, რა მოერგება და რა არ მოერგება. რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდები, რა ფიქრები უფრო მოუხდება შენს ჭკუასა და გონებას. ამით დიდ დროსაც დაზოგავ, აღარ დაგჭირდება ბევრი რჩევა და ცდა _ რა უფრო მომიხდება და რა არ გამომადგებაო. შენს ჭეშმარიტ საზომს გამოიმუშავებ და ჭკუას შესაფერისი სამოსით შემოსავ. ამ დროს უცებ არ დამამთქნარა! ვიცი, რომ პიროტყვობაა ასეთი რამ, მაგამ რა უნდა მექნა! მისტერ ანტოლინის არაფერი უთქვამს, გაეცინა მხოლოდ. _ აბა, _ თქვა და წამოდგა, _ შენი ლოგინი გავშალოთ. კარადისკენ გაემართა და მეც გავყევი. ბევრი იწვალა ზემო თაროდან ზეწრებისა და საბნების ჩამოსაღებად, მაგრამ ცალ ხელში ვისკიანი ჭიქა ეჭირა და ვერ მოახერხა. აიღო და გამოცალა, ჭიქა იატაკზე დადო და მერე გადმოიღო თეთრეული. მე მივეშველე და სავარძლამდე მივატანინე ყველაფერი. ლოგინს ერთად ვშლიდით ორივე. მაინცდამაინც დიდი სიმარჯვე არ გამოუჩემია. არ ეხერხებოდა ხოლმე ასეთი რამეები. მაგრამ ჩემთვის სულერთ იყო. ისე დავიქანცე, რომ ფეხზე დგომელაც დავიძინედი. _ გოგოები როგორა გყავს? _ რა უჭირთ? _ ისედაც საძაგელი მოსაუბრე ვარ და ახლა მითმეტეს დანა პირს არ მიხსნიდა. _ სალი როგორაა? _ შალი ჰეისს იცნობდა. სადღაც გავაცანი ერთხელ. _ სალისაც რა უჭირს. სწორედ დღეს შევხვდი. ჰოი, ბიჭო, თითქოს ოცი წელიწადი გასულიყოს მას შემდეგ! ბევრი აღარაფერი დაგვრჩა საერთო. _ ღმერთივით გოგოა. მეორე გოგო როგორღა გყავს? აი, რომ მიამბობდი, მეინში გავიცანიო. _ აჰ, ჯეინ გალაჰერი! კარგად არის. ხვალ ალბათ დავურეკავ. ლოგინის გაშლას მოვრჩით. _ აჰა, მოისვენე, _ მითხრა მისტერ ანტოლინიმ. _ მაგრამ ამ შენს ფეხებს რაღას უზამ, არ ვიცი, სად დასტევ! _ არა უშავს რა. მივეჩიე მოკლე საწოლებს, _ ვუთხარი მე. _ დიდი მადლობელი ვარ, სერ. თქვენ და მისის ანტოლინიმ პირდაპირ მიხსენით დღეს. _ სააბაზანო სადაც არის, იცი. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე. ერთ ხანს სამზარეულოში ვიქნები… სინათლე ხომ არ შეგიშლის? _ არა… რასა ბრძანებთ. ღამე ნებისა. _ ღამე ნებისა, სერ. დიდი მადლობა. ის სამზარეულოში გავიდა, მე კი სააბაზანოს მივაშურე, გავიხადე და ყველაფერი. ოღონდ კბილები ვერ გავიხეხე, ჯაგრისი არა მქონია თან. არც პიჟამა მქონდა, მისტერ ანტოლინისაც დაავიწყდა თავისი ეთხოვებინა. სასტუმრო ოთახში შევბრუნდი, სინათლე ჩავაქრე და ტრუსების ამარა შევძვერი ლოგინში. მართლაც ძალიან მოკლე გამოდგა ჩემთვის ეს სავარძელი, მაგრამ ფეხზე დგომელაც რომ ვყოფილიყავი, ისე დავიძინებდი, თვალს არ დავახამხამებდი. ორიოდე წამი მისტერ ანტოლინის სიტყვებზე ვფიქრობდი _ რაღაც საზომს გამოიმუშავებ და ჭკუას მოარეგეო. ნამდვილად ჭკვიანი კაცი იყო. მაგრამ თვალები დამეხუჭა და ჩამეძინა. მერე რაღაც მოხდა. გახსნებაც კი აღარ მინდა. უცებ გამეღვიძა. არ ვიცი, რა დრო უნდა ყოფლიყო, მაგრამ გამეღვიძა. თავზე რაღაც ვიგრძენი, ვიღაცის ხელი. ჰოი, ბიჭო, როგორ შემეშინდა. მისტერ ანტოლინის ხელი აღმოჩდა. პირდაპირ იატაკზე ჩამჯდარიყო, სავარძელთან, იმ სიბნელეში, და არ ვიცი მაკოცა, არ ვიცი ხელი გადამისვა ჩემს ოხერ თავზე. ჰოი, ბიჭო, ათას ფუნტზე მაინც შევხტი! სანაძლეოს ჩამოვალ. _ რას შვრებით? _ შევძახე მე. _ არაფერს! ისე ვზივარ და შენი ცქერით ვტკბე… _ არა, მაინც რას შვრებით? _ ისევ ჩავეკითხე. ენა დამება, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, ერთბაშად გავოგნდი და დავიბენი. _ რა გაღრიალებს? ისე ვზივარ ჩემთვის და… _ სულერთია, უნდა წავიდე, _ ვთქვი მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მომეშალა ნერვები! სიბნელეშივე დავიწყე ჩემი ოხერი შარვლის ჩაცმა, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ ფეხი ძლივს გავუყარე. გაფუჭებული ხალხის მეტი რა მინახავს, სკოლაშიაც და ყველგან. ჩემდენი ვის ეყოლება ნახული! _ სად უნდა წახვიდე? _ მკითხა მისტერ ანტოლინიმ. ვითომ ძალიან დამშვიდებულად და გულგრილად ირჯებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, სულაც არ იყო დამშვიდებული. _ ჩემოდნები და ბარგი სადგურში მაქვს დატოვებული. ბარემ წავალ და გამოვიტან. ყველაფერი იქა მაქვს. _ დილამდე სად გაგექცევა! დაწექი. მეც წავალ და დავწვები. რა მოგივიდა? _ რა უნდა მომსვლოდა. ფულიც და ყველაფერიც იმ ჩემოდნებში მაქვს. ახლავე დავბრუნდები. ტაქსში ჩავჯდები და ხელად მოვალ, _ ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, კისერი კინაღამ მოვიტეხე იმ სიბნელეში. _ საქმე ისაა, რომ ჩემი ფული კი არ არის, დედაჩემისაა და… _ ნუ აიხირე, ჰოლდენ. ჩაწექი. მეც უნდა წავიდე და დავწვე. შენი ფული იქვე დაგხვდება დილ… _ არა, არ გეხუმრებით. უნდა წავიდე, უსათუოდ უნდა წავიდე. _ უკვე ჩაცმული ვიყავი. ოღონდ ყელსახვევი ვერ ვნახე. ვეღარ გავიხსენე, სად დავკიდე ჩემი ყელსახვევი. ქურთუკი ჩავიცვი. უყელსახვევოდ წავალ, რა მოხდება! მისტერ ანტოლინი ახლა დიდ სავარძელში იჯდა, ჩემი ლოგინიდან მოშორებით და შემომცქეროდა. ბნელოდა, არაფერი ჩანდა, ხეირიანად ვერც ვხედავდი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ მე მიცქეროდა, ისევ ვისკის წრუპავდა. გარკვევით ვხედავდი, როგორ ეჭირა ხელში თავისი ერთგული ჭიქა. _ ძალიან, ძალიან უცნაური ბიჭი ხარ. _ ვიცი, _ ვუთხარი მე. ყელსახვევი აღარც მიძებნია. ისე წამოვედი, უყესახვევოდ. _ მშვიდობით, სერ. დიდი მადლობელი ვარ. დიდი მადლობა. კარებამდე გამომყვა. ლიფტი რომ გამოვიძახე, ზღუებლთან შეჩერდა და სულ იმას დუდღუნებდა _ «ძალიან, ძალიან უცნაური ბიჭი ხარო». უცნაური! დიახ! მანამ ის ოხერი ლიფტი ამოვიდოა, იქვე იდგა, ზღურბლზე. ჩემს დღეში ამდენი ლოდინი არ დამჭირვებია. ღმერთმანი. აღარც კი ვიცოდი, რა ოხრობა მეთქვა, მანამ ლიფტს ველოდებოდი, ის კი ზღურბლიდან ფეხს აღარ იცვლიდა, მერე ესღა მოვახერხე: _ კარგი წიგნები უნდა შევარჩიო და კითხვა დავიწყო. ნამდვილად. _ რამე ხომ უნდა მეთქვა. საშინლად დაბნეული ვიყავი. _ დაავლე ხელი იმ ჩემოდნებს და უკანვე გამოქანდი. კარებს ღიას დავტოვებ. _ დიდი მადლობა, _ ვუთხარი მე, _ ნახვამდის. _ როგორც იქნა ლიფტსაც ეშველა. კარი მივხურე და დავეშვი. ჰოი, ბიჭო, როგორ გიჟივით მიკანკალებდა ყველაფერი. ოფლში ვცურავდი. როცა ამნაირი უხამსობა შემემთხვეოდა, სულ ოფლს დამასხამს ხოლმე. ერთი ოცჯერ მაინც შემმთხვევია ამისთანა საზიზღარი საქმე ბავშვობის შემდეგ. საშინელებაა! ნაწილი 26 ყველაფერი გიამბეთ, რისი თქმაც მინდოდა. შეიძლებოდა ისიც მეამბნა, შინ დაბრუნების შემდეგ რა გადამხდა თავს, ავად როგორ გავხდი, გაის შემოდგომაზე რომელ სკოლაში მიპირებენ მიბარებას, აქედან რომ გამოვეწერები, მაგრამ, მგონი საჭირო აღარ არის. ნამდვილად. აღარ მაინტერესებს. ათასი ვინმე მეკითხება, განსაკუთრებით აქაური ფსიქოანალიტიკოსი, მომავალ სექტემბერს სკოლაში რომ შეხვალ, სწავლას თუ მოიწადინებო. მე რომ მკითხოს კაცმა, ყოვლად სულელური კითხვაა. ჯერ არ შესულხარ და წინასწარ საიდან უნდა გაიგო, რას გააკეთებ. არ ვიციო, უნდა უპასუხო. ალბათ, მოვიწადინებ, მაგრამ წინასწარ როგორ უნდა ვთქვა. სულელური კითხვაა, მე და ჩემმა ღმერთმა. დ.ბ. ხომ სხვებსა სჯობს, მაგრამ შეკითხვებით ისიც აღარ მაძლევს მოსვენებას. წარსულ შაბათს ერთი ინგლისელი გოგო მოიყვანა, მის ფილმში უნდა გადაიღონ. დიდი კოკობზიკა ვინმე ჩანდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო. ქალების ტუალეტში რომ გავიდა ეს გოგო, დერეფნის ბოლოში, დ.ბ. მეკითხება, ამ ამბებზე რას ფიქრობო _ მე რომ გიამბეთ, იმ ამბებზე. აღარ ვიცოდი, რა ჯანდაბა მეპასუხნა. მართალი თუ გინდათ, მე თვითონ არ ვიცი რასა ვფიქრობ, ახლა ვნანობ, რომ ამდენი ვინმეს ამბავი გიამბეთ. ვინც კი ვახსენე აქ, ახლა ყველა თვალში მაკლია. თვითონ სტრედლეიტერი და ეკლიც კი. ასე მგონია, ის ოხერი მორისიც კი მომენატრა-მეთქი. საოცარია. ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |