მთავარი » 2012 » აპრილი » 6 » სიყვარულით კიკის...
12:29
სიყვარულით კიკის...


შენ კი იქ, მაღლა რომ ხარ, შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე; შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობს ასიათასობით სხვაც, უკეთესები, უფრო მშვენიერები, ჭკვიანნი, კეთილნი, ერთგულნი, გონიერნი… შენ, ერთხელ, ღამით, ბედის მიერ ჩემთვის დაგდებულო ცხოვრების გზაზე, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემს ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო, სიზმრად კანში შეჭრილო; შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა, რომ წინააღმდეგობას გიწევ, და სწორედ ამის გამო მოისწრაფვი ჩემკენ… როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება, სალამი შენდა ! აგერ, აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში. იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია… აი, ვდგავარ აქ, მე, საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღსი დაფარული. მან შემინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით, აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ- მართალია, ტანჯული, მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად ხელახლა მზადყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ ! დაილოცე, თვალთმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ ! შენ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე, რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული… მიიღე ჩემი მადლობა, უცოდველო ! არასოდეს არაფერში არ გამოგიტყდები, რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლისმომთმენმა იმედმა- შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალოდ, ძლიერი სიცოცხლე, რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში!

სალამი შენ! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე, რათა ეს გამეგო! სალამი შენ!…
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 840 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]