წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.) ხსენება 4(17) დეკემბერი დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი მრევლი წმინდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ და მრავალს დაესწარით წმინდა ბარბარე
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმინდა ბარბარეს სასწაულები
„1665 წელს მინახულა ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, რომელმაც მოიტანა ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხელი და დაბეჯითებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან. ასეთი თხოვნით გაოცებულმა ვკითხე, თუ რატომ უნდოდა ეს. ასე რა მიამბო მან: „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ხელი ისე მომეგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო და საშინლად ვიტანჯებოდი. ამ დროს გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებიდან იკურნება ყველა, ვინც მასთან რწმენით მიდის. და მეც მხურვალედ შევევედრე წმიდა დიდმოწამეს, მოერჩინა ჩემთვის ხელი და იქვე აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმიდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით ჩემი დაგრეხილი ხელი სრულიად განიკურნა. ახლა მე მოვედი აღთქმის შესასრულებლად, რათა თაყვანი ვსცე მის წმიდა ნაწილებს და მადლობა შევწირო ხელის მორჩენისთვის; ამიტომ მოვიტანე ეს ვერცხლისაგან გაკეთებული ხელი ჩემი ხელის აღსანიშნავად, რომელიც დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილების საშუალებით განიკურნა".
* * *
„1660 წელს, ძმათაშორის ომის დროს, ძალიან შეშინებული და შეშფოთებული ვიყავი ჩვენი მონასტრის სიმწირითა და იმ საფრთხით, რომელიც ბერებს ემუქრებოდა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და მესიზმრა, ვითომ ვდგავარ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან და ვხედავ მას ზეითუნის ზეთში მწოლიარეს. წმიდანი მეუბნება: „ნუ გეშინია, მე თქვენთანა ვარ". გაღვიძებულმა დავიწყე ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩემს მიერ სიზმარში ნანახი ზეთი და წმ. დიდმოწამის ნათქვამი სიტყვები. საღმრთო წერილში, ვმსჯელობდი ჩემთვის, ზეთი წყალობას ნიშნავს; ე.ი. წმიდა დიდმოწამის ზეთით სავსე განსასვენებელი ნიშნავს, რომ მისი ლოცვის წყალობით ჩვენს მონასტერს საფრთხე და სიღარიბე არ ემუქრება და ის გადარჩება, რაც მართლაც აღსრულდა სინამდვილეში".
* * * ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე - შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა! დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს. * * *
1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:
„ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: „იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან". ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის".
|