მთავარი » 2010 ოქტომბერი 14 » სვეტიცხოველი
12:24 სვეტიცხოველი | |
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოვლში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა" - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი. სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები. სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები(ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გადაითხარა 1500 მ2-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში. ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 მ; X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ. მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე - საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მ-ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 მ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: ნ. ჩუბინიშვილი და ვ. ცინცაძე; მთ. კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია. სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა: ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული.ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |