მთავარი » 2010 აგვისტო 21 » ნარკომანია და ლოთობა
23:22 ნარკომანია და ლოთობა | |
„სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო ამ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისააკს და იაკობს" (მეორე სჯ. 30, 19-20). უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, როდესაც სიკვდილი და მწუხარება ყოველთვის ახლოსაა, ჩვენს შორის. ყველაფერი ისეა, როგორც ომში, ოღონდ განსაკუთრებულ ომში, როდესაც ხშირად ჩვენი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით მტერს თავად ვუწყობთ ხელს ბრძოლაში. არც ერთი ჩვენთაგანი არაა დაზღვეული, რომ ამ ბოროტების მომდევნო მსხვერპლი ჩვენი ოჯახი, ან რომელიმე ჩვენი ახლობელი არ შეიქმნება. ეს საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ჩვენს ბავშვებს. როგორც ერთ-ერთი ჩვენი თანამედროვე სასულიერო პირი წერს, „ნარკოტიკები ჯერ კიდევ პირველყოფილ სამყაროში იყო ცნობილი, ღვინის წარმოება უკვე რამდენიმე ათას წელს ითვლის; მაგრამ ლოთობა და ნარკომანია მხოლოდ XX საუკუნის სულიერმა ვაკუუმმა გადააქცია ეროვნულ უბედურებად ჩვენთან და სხვა მრავალ ქვეყანაში. ეს თვალნათელი ნიშანია იმისა, რომ კაცობრიობა უმძიმეს კრიზისს განიცდის. მან საკუთარი თავი განიძარცვა, მოსწყდა მარადიულ წყაროებს, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ასაზრდოებდა მის სულიერ განვითარებას". ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა. ესაა საზღაური მომხმარებლური იდეოლოგიისათვის, ჭეშმარიტი იდეალების გაფანტვისა და სულიერების დაკარგვისათვის. ეკლესია მოძღვრული თანაგრძნობით ეკიდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტურია მაშინ, როცა სნეულნი აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში | |
|
სულ კომენტარები: 0 | |