მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი
12:03
მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი
მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი - Site Name

3 ნოემბერს, ჟურნალმა Forbes-მა 2010 წლის მსოფლიოს 68 გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირები მოხვდნენ. სია სახელმწიფოს მეთაურებს, რელიგიურ ფიგურებს, ბიზნესმენებს, მედიისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელს მოიცავს.

ნომინანტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეირჩნენ. პირველ რიგში, გაითვალისწინეს რამდენ ადამიანზე ვრცელდება ამა თუ იმ პიროვნების გავლენა. თუ ქვეყნების ლიდერებისთვის მოსახლეობის მაჩვენებელი გამოიყენეს, რელიგიური ფიგურებისთვის მრევლის რაოდენობა გაზომეს. მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში კი მათი აუდიტორიის ზომა იყო მნიშვნელოვანი.

პოლიტიკურ ლიდერთა შემთხვევაში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებიც გაითვალისწინეს.

ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ნომინანტების სხვადასხვა სფეროში ჩართულობაც გახლდათ. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულ სექტორებზე მიუწვდება გავლენა ამა თუ იმ პიროვნებას. ამ მხრივ აღსანიშნავია იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ფიგურა. იგი ხსენებულ პოსტთან ერთად სახელგანთქმული მედიამაგნატი და საფეხბურთო გუნდ მილანის მფლობელია. იტალიელმა სიაში მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა, რაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ძალაუფლების მრავალფეროვანმა ხასიათმა განაპირობა.

საბოლოოდ, ჟურნალმა საკმაოდ საინტერესო, ბევრისთვის საკვირველი შედეგი მიიღო. რედაქტორებმა პირველი ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ ჰუ ძინტაოს მიაკუთვნეს. მას მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. უკანასკნელი, 68-ე ადგილი კი მედიის წარმომადგენელ WikiLeaks-ის მთავარ რედაქტორ ჯილიან ესენჯის ერგო. ჩამონათვალში ტრადიციული მედიის სხვადასხვა სახის წარმომადგენელს შეხვდებით. აღსანიშნავია ასევე, რომ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა (მე-40 ადგილი) The New York Times-ის აღმასრულებელ რედაქტორზე (50-ე ადგილი) ათი საფეხურით მაღალი პოზიცია დაიკავა.

ამ წლის გავლენიან ადამიანთა სიაში კრიმინალებიც მოხვდნენ. როგორც ცნობილია, ძალაუფლებას ზოგი ავი განზრახვებისთვისაც იყენებს. ამ კატეგორიის ადამიანებიდან სიას „ამშვენებენ”: ალ-ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი (57-ე ადგილი), მექსიკელი ნარკოდილერი, მილიარდერი ხოაკინ გუცმანი (მე-60 ადგილი) და ინდოეთში არსებული უზარმაზარი კრიმინალური გაერთიანების ხელმძღვანელი იბრაჰიმ კასკარი. 2008 წელს ამ დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად მუმბაიში 174 ადამიანი დაიღუპა.

წლის 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:



1. ჰუ ძინტაო ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის,
ჩინეთის ლიდერია. 1,3 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიო ხალხების მეხუთედს შეადგენს, ძინტაო მკაცრი კონტროლის მეშვეობით მართავს. პირველ ადგილზე ყოფნა სწორედ ამ ფაქტორით გახლავთ განპირობებული. დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ჩინეთმა ახლახან იაპონია ჩამოიტოვა და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა გახდა. ძინტაოს ქვეყანა მსოფლიო რეზერვებიდან 2,65 ტრილიონ დოლარს ფლობს. სხვადასხვა გამოთვლებით, 25 წელიწადში ჩინეთმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩამოიტოვოს და პლანეტის უდიდესი ეკონომიკა გახდეს. მოსახლეობის მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე მისი არმია ზომით ყველაზე დიდია.



2. ბარაკ ობამა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია და არაოფიციალურად „თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის” სტატუსს ფლობს. ობამას ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები. დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ობამას გეგმების განხორციელებას. პრეზიდენტი ობამა მსოფლიოში უზარმაზარი სამხედრო ძალის მთავარსარდალია. მისი ქვეყანა უდიდესია სამხედრო დანახარჯების მიხედვით (2009 წელს – 663 მილიარდი აშშ დოლარი) და ყველაზე დინამიკური ეკონომიკაა. ამერიკის პირველი პირი 1996-2004 წლებში ილინოისის შტატის სენატში მსახურობდა, რის შემდეგაც, 2004 წელს ქვეყნის სენატში აირჩიეს.



3. აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ სეიდი საუდის არაბეთის აბსოლუტური მონარქია. მისი ქვეყანა მსოფლიოს ნავთობის უზარმაზარ რესურსებს ფლობს. სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობმწარმოებელი Saudi Aramco, 266 მილიარდ ბარელ (დღევანდელი ნავთობის ფასების მიხედვით – 22 მილიარდი დოლარის ღირებულების) მარაგებს ფლობს. ასევე, საუდის არაბეთში მდებარეობს ორი ისლამური წმინდა ქალაქი – მექა და მედინა. მეფის ტიტული მან 2005 წელს მიიღო. მანამდე კი, 1982 წლიდან, ქვეყნის კრონ პრინცი იყო. ბოლო წლებში იგი დე ფაქტო რეგენტი გახლდათ. აბდულა სათავეში ედგა ეროვნულ გვარდიას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მექას მერის თანამდებობაც ეკავა. მმართველობის პერიოდში მან თანმიმდევრული და ზომიერი სოციალური თუ საკანონმდებლო რეფორმები გაატარა. ამავე დროს კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა კონსერვატიულ რელიგიურ ისტებლიშმენტთან. აბდულამ მრავალრიცხოვან სამეფო ოჯახში რამდენიმე წევრისგან შემდგარი ალიანსი შექმნა. ეს ნაბიჯი შვიდი ნახევარძმის გავლენის დასაბალანსებლად გადადგა. ხელისუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად აბდულამ ჩამოაყალიბა უფროსი პრინცების კომიტეტი. მის მემკვიდრედ, ოფიციალურად, 86 წლის ნახევარძმა სულთან ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ითვლება.



4. ვლადიმირ პუტინი – იგი 2008 წლიდან რუსეთის პრემიერ-მინისტრია. თუმცა, ქვეყნის პირველ პირ დმიტრი მედვედევთან შედარებით გაცილებით დიდ ძალაუფლებას ფლობს. სავარაუდოდ, პუტინი 2012 წელს კვლავაც დაიკავებს საპრეზიდენტო პოსტს. მისი ქვეყანა გეოგრაფიულად მსოფლიოს მეცხრედ ნაწილს იკავებს. რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი და ვეტოს უფლების მქონე ბირთვული ქვეყანაა. გააჩნია მნიშვნელოვანი ენერგო და მინერალური რესურსები. სწორედ მათი მეშვეობით, რუსეთი მეზობლებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. 1990-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში გამეფებულ ეკონომიკურ კრიზისსაც რუსეთმა სწორედ მაღალი ენერგოფასებიდან მიღებული შემოსავლებით დააღწია თავი. პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა.



5. პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე ევროპის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქია, მისი გავლენა პლანეტის მილიარდზე მეტ კათოლიკეზე ვრცელდება. ხელმძღვანელობს მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ ორგანიზაციას. პაპობამდე მეთაურობდა ვატიკანის სარწმუნოების კონგრეგაციას, რომელიც წმინდა ინკვიზიციის მემკვიდრედ ითვლება. „დიდი ინკვიზიტორის” მოვალეობის შესრულების დროს, მან შეძლო ბოლო მოეღო ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი განთავისუფლების თეოლოგიისთვის, როგორც „მარქსისტული შხამისთვის”. მტკიცე ხასიათის გამო დასავლურმა პრესამ მას კარდინალი ტანკი შეარქვა. პონტიფექსის გამოსვლებში ხშირად ჩნდება აგრესიული სეკულარიზმისა და მორალური რელატივიზმის კრიტიკა.



6. ანგელა მერკელი გავლენიან ადამიანთა სიაში პირველი ქალია. გერმანიის კანცლერი ევროპის უდიდეს, მსოფლიო მასშტაბით კი მეოთხე ადგილას მყოფ ეკონომიკას უძღვება. WTO-ს მონაცემებით, გერმანია, ჩინეთის შემდეგ, 1,7 ტრილიონი ღირებულების საქონლის ექსპორტით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ანგელა მერკელი პირველი კანცლერია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან. ქრისტიან დემოკრატებს იგი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ქვეყნის საბოლოო გაერთიანებამდე, შეუერთდა. მუშაობდა კანცლერ ჰელმუტ კოლის კაბინეტში. კანცლერს ხშირად აკრიტიკებენ მემარცხენე პოლიტიკის გატარების გამო – მაგალითად, მინიმალური ხელფასების შემოღება რამდენიმე სექტორში. თუმცა, ბევრი მერკელს პრაგმატულ პოლიტიკოსადაც მიიჩნევს.



7. დევიდ კამერონი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ბოლო 198 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. სწავლობდა ელიტარულ იტონის სკოლასა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. ბევრი მას, იდეოლოგიური მსგავსების გამო, მეორე მარგარეტ თეტჩერს უწოდებს. კამერონი „რკინის ქალბატონის” მსგავსად ემხრობა სამთავრობო დანახარჯების შემცირებას. თუმცა მისი მთავრობა კოალიციურია, რის გამოც რადიკალური ცვლილებების განხორციელება გაუჭირდება. კამერონი საკუთარ თავს „ბლერის მემკვიდრედ” ხატავს, რადგან ამ უკანასკნელის პრაგმატულ მიდგომებს იზიარებს. იგი მეფე უილიამ IV-ის (უკანონო) შთამომავალია.



8. ბენ ბერნანკე ამერიკის ცენტრალური ბანკის – ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა. მანამდე იგი აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს ედგა სათავეში. გამოცდილი ეკონომისტი წლების განმავლობაში პრესტიჟული პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. Forbes-ის გავლენიანი ადამიანების ათეულში ბენ ბერნანკე ფედერალური სარეზერვო სისტემის, როგორც ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტრუქტურის, წყალობით მოხვდა. სისტემის საწყისი ბალანსი 2,4 ტრილიონი დოლარია. სისტემა შედგება თორმეტი ფედერალური სარეზერვო ბანკისგან, რომელიც ქვეყნის უდიდეს ქალაქებში მდებარეობს და მრავალრიცხოვანი წევრი ბანკებისა და ფინანსური დაწესებულებებისგან.



9. სონია განდი ინდოეთის მმართველი კონგრესის პარტიის ლიდერია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1,2 მილიარდს შეადგენს, ქალბატონ განდის ძალიან დიდი გავლენა აქვს. სონია განდი წარმოშობით იტალიიდანაა და კათოლიკეა. ინდოეთის მოქალაქე იგი მხოლოდ 1983 წელს გახდა. პოლიტიკისგან იგი ყოველთვის შორს იდგა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1991 წელს მისი მეუღლე – რაჯივ განდი – მოკლეს, იგი კონგრესის პარტიის აღორძინებას ჩაუდგა სათავეში. 2004 წელს სონიამ უარი თქვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მხოლოდ პარტიის ლიდერობით დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, ინდოელების თქმით, იგი დღესაც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერია. განდი მეოთხე ვადითაა არჩეული პარტიის პირველ პირად, რითაც ნერუ-განდის პოლიტიკური დინასტიის მემკვიდრის სტატუსი გაიმყარა. ეს საგვარეულო მმართველ პარტიაში 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დომინირებს. ინდოეთში ვარაუდობენ, რომ განდი პრემიერ-მინისტრობისთვის საკუთარ 40 წლის ვაჟს ამზადებს.



10. ბილ გეიტსი Microsoft-ის შემქმნელი, მისი მფლობელი და გლობალური კომპიუტერული ინდუსტრიის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. გეიტსი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი მსოფლიოს იმ 40 ადამიანს შორისაა, ვინც „საქველმოქმედო აღქმას” მოაწერა ხელი. ამის შედეგად, გეიტსმა პირობა დადო, რომ სიცოცხლის განმავლობაში მისი სიმდიდრის უმეტესობა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. მან დააარსა ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდი, რომლის ფარგლებშიც ცოლ-ქმარმა 30 მილიარდზე მეტი გულუხვად გასცა ფილანთროპიული ინიციატივებისთვის – მსოფლიო სწავლებისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 824 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]