მთავარი » 2010 სექტემბერი 29 » მარტოხელა ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის
00:07 მარტოხელა ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის | |
მზის გარეშე დედამიწაზე მცხოვრები ტრილიონობით ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებდა, დაწყებული ერთუჯრედიანი ბაქტერიებიდან უზარმაზარი ვეშაპებით დამთავრებული. მართალია, ჩვენი პლანეტა მზის ენერგიის დაახლოებით ნახევარ მემილიარდედ ნაწილს იღებს, მაგრამ "მზის სუფრიდან" გადმოცვენილი ეს ნამცეცებიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მზის ენერგიის თუნდაც ამ მცირე ნაწილის ეფექტურად და ბოლომდე გამოყენება რომ შეიძლებოდეს, ის არამარტო დააკმაყოფილებდა, არამედ გადააჭარბებდა კიდეც თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებას ენერგიაზე. მრავალ ასტრონომიულ წიგნშია ნათქვამი, რომ მზე რიგითი ვარსკვლავია, მაგრამ იბადება კითხვა – ნუთუ მზე ჩვეულებრივი ციური სხეულია?! ის ხომ დედამიწაზე სიცოცხლის წყაროა, რა თავისებურება აქვს მას? ამ კითხვებზე პასუხები მხოლოდ თეორიული ხასიათისაა. მძიმე ვარსკვლავი მეცნიერ გონსალესის განმარტებით, მზის დამახასიათებელი თავისებურება ის გახლავთ, რომ ერთ–ერთი მძიმე ვარსკვლავია თავის მეზობელ ყველაზე მძიმე ვარსკვლავებს შორის, რომელთა რაოდენობაც ამ სამეზობლოში 105–ს შეადგენს. მეცნიერი კენეტ კელიფსი წერდა: "მზეზე მოდის მზის სისტემის მასის 99.87 პროცენტი, რისი წყალობითაც ის გრავიტაციით ყველა სხეულს აკონტროლებს თავის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა მზისგან 150 მლნ კილომეტრის მანძილზეა, მძიმე ვარსკვლავის ეს თავისებურება ხელს უწყობს, რომ ჩვენი პლანეტა არ განიზიდება მისგან. მეორე მხრივ, ასეთი სიშორე დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს მზეზე მიმდინარე საზიანო ამოფრქვევების გავლენისაგან იცავს". სადავო საკითხად იქცა, არსებობს თუ არა მზეში მძიმე ელემენტები. ორი მეცნიერი, გონსალესი და კელიფსი, ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. გონსალესი აღნიშნავდა, რომ მზეზე 50–ით მეტი მძიმე ელემენტი არსებობს, ვიდრე დანარჩენ სხვა ტიპის ვარსკვლავებში. კელიფსი კი ამტკიცებდა, რომ მზეში მძიმე ელემენტები საერთოდ არ არსებობს, სხვა ვარსკვლავებში კი მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. იბადება კითხვა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან? მძიმე ელემენტები აუცილებელია სიცოცხლისათვის, მაგრამ ისინი სამყაროში იშვიათად გვხვდება და მთელი სამყაროს წონის 15 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. დედამიწა კი თითქმის მთლიანად მძიმე ელემენტებისაგან შედგება. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა უჩვეულო ვარსკვლავის, მზის გარშემო მოძრაობს. მზეს, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, მეცნიერები პირველი პოპულაციის ვარსკვლავად თვლიან. ამას კი სარგებელიც მოაქვს. მზეს, მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, ნაკლები ორბიტა აქვს. რატომ მოახდენდა ეს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობაზე გავლენას? იმიტომ, რომ მზის წრიული ორბიტა არ უშვებს მას გალაქტიკის შიგნით, სადაც ბევრი ფეთქებადი ვარსკვლავია და მათი აფეთქებით გამოწვეული შედეგები დედამიწაზე გავლენას ვერ ახდენს. მარტოხელა ვარსკვლავი ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მზის მახლობლად არსებული ვარსკვლავების 85 პროცენტი ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ან მეტი ვარსკვლავისაგან შემდგარ დაჯგუფებას წარმოადგენს. ასეთ ვარსკვლავებს ერთმანეთთან გრავიტაციის ძალა აკავშირებთ. მზე კი მარტოხელა ვარსკვლავია. "ის, რომ მზე მარტოხელა ვარსკვლავია, ძალიან უჩვეულოა", – წერს კენეტ კელიფსი. სწორედ მზის მარტოხელობაა იმის გარანტია, რომ დედამიწას სტაბილური ორბიტა აქვს, რაც ცნობილი ასტრონომის, გონსალესის აზრით, ხელს უწყობს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებას. სტაბილური მზე ბევრი საინტერესო ფაქტი არსებობს ჩვენი სისტემის ვარსკვლავ მზესთან დაკავშირებით. მსგავს ვარსკვლავებს თუ შევადარებთ, მზე აშკარად განსხვავდება მათგან სტაბილური გამოსხივებით. მისი ნათება უცვლელია. ასეთი, შედარებით სტაბილური ნათება აუცილებელი ფაქტორია სიცოცხლის არსებობისათვის დედამიწაზე. "ამ პლანეტაზე ჩვენი არსებობა იმას ამტკიცებს, რომ მზის ნათება ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური გარემოებითი ფაქტორია", – ამბობს მეცნიერი და ისტორიკოსი კარლ ჰუფბაუერი. არის თუ არა მზის ორბიტა დახრილი? მზის ორბიტა ოდნავაა დახრილი გალაქტიკა ირმის ნახტომის სიბრტყის მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზის ორბიტისა და ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეებს შორის არსებული კუთხე ძალიან მცირეა. კვლავ იბადება კითხვა, ეს როგორღა უწყობს ხელს სიცოცხლეს დედამიწაზე? ძალიან შორს, ჩვენი მზის სისტემის განაპირა ნაწილში, მოძრაობს ოორტის ღრუბლად წოდებული კომეტების გროვა. დავუშვათ, მზის ორბიტასა და გალაქტიკას შორის არსებული დახრილობა ჩვეულებრივზე უფრო დიდია. მაშინ მზე უეცრად გადაკვეთდა ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეს, რაც არეულობას შეიტანდა ოორტის ღრუბელში. რა იქნებოდა ამის შემდეგ? როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა კომეტების კატასტროფულ თავდასხმაში მოექცეოდა. რაზე მეტყველებს მზის დაბნელება მზის სისტემაში, სულ ცოტა, 60 თანამგზავრია. ისინი ამ სისტემის 9 პლანეტიდან 7–ის გარშემო მოძრაობენ, მაგრამ მზის სრული დაბნელება მხოლოდ დედამიწაზე შეინიშნება. მზის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. მთვარემ რომ მთლიანად დაფაროს მზე, მზისა და მთვარის ხილვადობა ერთნაირი უნდა იყოს. მართალია, მზე 400–ჯერ დიდია მთვარეზე, მაგრამ ამავდროულად 400–ჯერ შორსაა დედამიწიდან, ვიდრე მთვარე და ამიტომაც მზის ხილვადი ზომა მთვარის ხილვად ზომაზე ნაკლებია, რაც მზის სრულ დაბნელებას იწვევს. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია. მზე დედამიწასთან ოდნავ ახლოს ან ოდნავ შორს რომ ყოფილიყო, დედამიწა ან ძალიან ცხელი იქნებოდა, ან ძალიან ცივი, ე.ი. სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი. ამავდროულად, დედამიწის უჩვეულოდ დიდი თანამგზავრი, მთვარე, თავისი მძლავრი გრავიტაციის წყალობით, დედამიწას საკუთარი ღერძის გარშემო ძლიერი რყევის საშუალებას არ აძლევს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |