მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ჰოლივუდის 13 წყევლა
09:53
ჰოლივუდის 13 წყევლა

27 წლისების კლუბი


ამ წარმოსახვით კლუბში ყველა ის ცნობილი როკ მუსიკოსია გაერთიანებული, რომელიც 27 წლის ასაკში დაიღუპა. ამ შემთხვევაში სიტყვა "წყევლა” სწორედ ამ უცნაური მოვლენის ასახსნელად გამოიყენეს. მართლაც, ძალიან ბევრი როკის ლეგენდარული მუსიკოსი სწორედ 27 წლის ასაკში დაიღუპა. ასეთი მუსიკოსების რიგში პირველი The Rolling Stones-ის წევრი ბრაიან ჯონსი იყო, რომელიც 1969 წელს დაიღუპა. მას მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი იმავე წელს და მალევე ჯენის ჯოპლინი. ამ მოვლენამ ჯაჭვური რეაქციის სახე მიიღო.
სუპერმენის როლი


სუპერმენის როლი ჰოლივუდისთვის მართლაც წყევლა აღმოჩნდა. პირველი, ვინც პლანეტაზე ყველაზე ძლიერი კაცის როლი შეასრულა ჯორჯ რივსი იყო. იგი 1959 წელს საკუთარი ქორწილიდან რამდენიმე დღით ადრე, 45 წლის ასაკში დაიღუპა.
შემდეგი გმირი ქრისტოფერ რივი იყო, რომელიც 1995 წელს ცხენიდან გადმოვარდა და ცხოვრების ბოლომდე ინვალიდად დარჩა. იგი 2004 წელს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სუპერმენის წყევლამ” არც ლი ქუიგლი დაინდო, რომელიც 1991 წელს, 12 წლის ასაკში დაიღუპა. მას ეპიზოდური როლი ჰქონდა, სადაც სუპერმენის ბავშვობა ითამაშა.
ბრიუს ლი


1973 წელს, როდესაც ბრიუს ლი მეგობრებთან ერთად იყო, თავის ტკივილი მოიმიზეზა, წამლები მიიღო და დასაძინებლად წავიდა, თუმცა აღარ გაუღვიძია. მიუხედავად ამ ვერსიისა, ბრიუს ლის სიკვდილი მაინც ბევრ შეკითხვებს სვამს, განსხვავებით მისი ვაჟის ბრენდონ ლის შემთხვევისგან, რომელიც 1993 წელს გადაღებების დროს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, იგი 18 წლის იყო. ეს ორი ფაქტი ზოგმა წყევლას მიაწერა.
ბილი ბობ თორნტონი


ბილი ბობ თორნტონი ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსია. მისი "წყევლა” იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი მსახიობი ვისთან ერთადაც მან სხვადასხვა ფილმებში ითამაშა, ნაადრევად გარდაიცვალა.
პირველი ასეთი მსახიობი იყო ჯეიმს ტომას უოლში, რომელიც 1998 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, 54 წლის ასაკში. 2 წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა 50 წლის ჯიმ ვარნი. 2003 წელს გარდაიცვალა მუსიკოსი უორენ ზევონი, რომელთანაც თორნტონს მუსიკა აკავშირებდა, 4 დღის შემდეგ კი მსახიობი ჯონ რიტერი. 5 წლის შემდეგ "წყევლამ” ისევ გაახსენა ყველას თავი. 2008 წლის იანვარში გარდაიცვალა ჰიტ ლეჯერი, აგვისტოში ბერნი მაკი. ბოლო, ვინც "ბილი ბობ თორნტონის წყევლამ” იმსხვერპლა პატრიკ სუეიზი იყო, 2009 წელს.
ჯონ ლენონი და რიცხვი 9


აღსანიშნავია, რომ ჯონ ლენონის ცხოვრებაში ხშირად ფიგურირებდა რიცხვი 9. 1940 წლის 9 ოქტომბერს ჯონ ლენონი დაიბადა. 1966 წლის 9 ნოემბერს გაიცნო იოკო ონო. 9 წლის შემდეგ, 9 ოქტომბერს, ჯონის დაბადების დღეზე მათ შვილი ეყოლათ. 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს, 9 წლის შემდეგ რაც იგი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი სიკვდილი ოფიციალურად გადმოსცეს 11:07-ზე (1+1+7=9). თავად ჯონ ლენონი ამბობდა, რომ 9 მისთვის ბედნიერი რიცხვი იყო. ამ დამთხვევებს ხშირად გაურკვეველ მისტიკურ კანონზომიერებას უკავშირებენ.
სცენარი ფილმისა სახელად "Atuk”

ამ ფილმის სცენარი ერთ მსუქან ესკიმოსზე გვიყვება, რომელიც ოცნებობს ნიუ-იორკში ჩასვლაზე. უცნაური აქ ის არის, რომ სცენარი სცენარადვე დარჩა, რადგან ყველა მსახიობს, რომელმაც მასზე მუშაობა დააპირა, დიდი უბედურება დაატყდა თავს. პირველი ვისაც ესკიმოსის როლზე ამზადებდნენ, მსახიობი ჯონ ბელუში იყო. იგი ჯერ კიდევ როლისთვის მზადების პერიოდში ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა 1990 წელს. ორი წლის შემდეგ სცენარი კომიკოს სემ კინისონს გადაეცა. ცოტა ხნის შემდეგ ეს უკანასკნელი ავტოავარიაში დაიღუპა. შემდეგი იყო ჯონ კენდი, რომელიც სცენარის კითხვის პერიოდში გარდაიცვალა გულის შეტევით. მოგვიანებით სცენარი კრის ფარლის გადაულოცეს, რომელიც ჯონ ბელუშის მსგავსად ნარკოტიკმა იმსხვერპლა. უკანასკნელი მსახიობი, რომელიც Atuk-ის სცენარზე მუშაობდა, იყო ფილ ჰარტმენი, იგი საკუთარმა ცოლმა მოკლა. ამის შემდეგ "დაწყევლილი” სცენარის ხელში აღების სურვილი აღარავის გასჩენია.
Playboy-ს სახეები


ნიშანდობლივია, რომ მრავალმა მოდელმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩნდებოდნენ ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე, სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. პირველი, ვინც Playboy-ს სახედ იქცა, ცნობილი მსახიობი და მოდელი მერლინ მონრო იყო, რომელიც 1962 წელს უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. იგი 36 წლისა იყო. მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზად შამპანურისა და საძილე საშუალებების ჭარბი დოზით მიღებას ასახელებენ. შემდეგი იყო ჯეინ მენსფილდი. იგი 1967 წელს, 34 წლის ასაკში დაიღუპა ავტოავარიის დროს. ამბოდნენ, რომ ავტოავარიისას მან თავი დაკარგა. არსებობს აგრეთვე ვარაუდი, რომ იგი სატანის წარმომადგენლებმა დაწყევლეს. მესამე მსხვერპლი იყო დოროთი სტრატენი. იგი 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე. სტრატენი საკუთარმა ქმარმა მოკლა 20 წლის ასაკში, 1980 წელს.
უკანასკნელი რგოლი ამ ჯაჭვში გახდა ანა ნიკოლ სმიტი. Playboy-ის გარეკანზე იგი 90–იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა. 2007 წელს, 39 წლის ასაკში იგი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.
Led Zeppelin-ის ბოლო წლები


ცნობილია, რომ Led Zeppelin-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი შავი მაგიით იყო გატაცებული და ინგლისელი ოკულტისტის ალესტერ ქროულის იდეებსაც იზიარებდა. მან ქროულის სახლიც კი შეიძინა. ამის შემდეგ ჯგუფის ცხორებაში ზედიზედ რამდენიმე ცუდი რამ მოხდა. გიტარისტმა ჯონ პოლ ჯონსმა თითი მოიტეხა და ჯგუფი იძულებული გახდა საკონცერტო ტური გადაედო. ამას რობერტ პლანტის 5 წლის ვაჟის გარდაცვალება მოჰყვა. 1980 წელს კი ჯონ ბონჰემი გარდაიცვალა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში Led Zeppelin დაიშალა. ამ საუბედურო ფაქტებს ხშირად უკავშირებენ ჯიმი პეიჯის განსაკუთრებულ შენაძენს. თუმცა, პეიჯმა უარყო ეს აზრი, რადგნაც "ალესტერ ქროულის სახლის წყევლას” მასზე არასოდეს უმოქმედია.
ჯეიმს დინის მანქანა


ჯეიმს დინი ჰოლივუდის მსახიობი იყო. მიუხედავად თითებზე ჩამოსათვლელი ჰოლივუდური როლებისა, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლეგენდას. ჯეიმს დინი 24 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 1954 წელს, მისი სიკვდილიდან 1 წლით ადრე მან მანქანა (პორშე) შეიძინა, რომლის მეტსახელი იყო "პატარა ნაბიჭვარი”. 1955 წლის 23 სექტემბერს დინმა საკუთარი მანქანა მეგობარს ალეკ გინესს უჩვენა. გინესმა მას უთხრა, რომ მანქანას ცუდი აურა ჰქონდა და გააფრთხილა, თუ მასში ჩაჯდები, ერთ კვირაში ცოცხალი აღარ იქნებიო.
30 სექტემბერს, ერთი კვირის შემდეგ ჯეიმს დინი ავტოავარიაში დაიღუპა. სწორედ აქედან დაიწყო უბედურებათა კასკადი. დამტვრეული მანქანა ჯორჯ ბარისმა შეიძინა, რომელმაც ფეხი მოიტეხა მისი ტრანსპორტირების დროს. ცოტა ხანში ბარისმა მანქანის ნაწილები ტროი მაკჰენერისა და უილიამ იქსკრიდს მიჰყიდა. რის შემდეგაც ორივე მათგანი ავტოავარიაში დაიღუპა. ბარისმა კიდევ ერთი ნაწილი მიჰყიდა სხვას, რომელიც ასევე ავტოავარიაში დაიღუპა და როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი სწორედ იმ ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომელიც მსხვერპლს ბარისმა მიჰყიდა. მოგვიანებით მანქანის ბორბლის მოპარვა სცადეს. ქურდმა ამ მცდელობისას ხელი დაკარგა. საბოლოოდ ჯორჯ ბარისმა მანქანა გაასხვისა როგორც ექსპონატი. ცოტა ხანში ადგილზე, სადაც მანქანა ინახებოდა ხანძარი გაჩნდა. ყველაფერი განადგურდა, თუმცა მანქანა უვნებელი გადარჩა. ჯეიმს დინის მანქანის უკანასკნელი მსხვერპლი ტრაილერის მძღოლი იყო, რომელიც მისი ტრანსპორტირების დროს ავტოავარიაში დაიღუპა. 1960 წელს მანქანა ჯორჯ ბარისს დაუბრუნდა, რის შემდეგაც იგი უკვალოდ გაქრა და თვალით აღარავის უნახავს.
ფილმი "ეშმაკის განმდევნელი”


საშინელებათა ფილმი "ეშმაკის განმდევნელი” (The Exorcist) 1973 წელს გამოვიდა. იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმად აღიარეს. ამასთან, ფილმმა 70-იანი წლებისთვის უჩვეულო კომერციული წარმატება მოუტანა მის შემქმნელებს. მისი შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით 800 მილიონს აჭარბებს, რაც არც ისე ბევრით ჩამოუვარდება "ტიტანიკის” შემოსავალს (თუ მას ინფლაციის მიხედვით გამოვითვლით). ფილმი "ეშმაკის განმდევნელი” 12 წლის გოგონაზეა, რომლის სხეულშიც დემონი ჩასახლდება. გოგონას შველა კი ეგზორცისტს (სასულიერო პირს), ანუ ეშმაკის განმდევნელს შეუძლია.
ფილმთან დაკავშირებული უბედურებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ მისი გადაღება დასრულდებოდა. ოპერატორის ერთ-ერთი ასისტენტის მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. ასევე დაიღუპა 54 წლის მსახიობი ჯეკ მაკგოურანი ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე. აღსანიშნავია, რომ მისი გმირი ფილმშიც იღუპება. ფილმის პირველ ნაწილს მთლიანობაში 9 ადამიანი "ემსხვერპლა”. 12 წლის რიგანის როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლინდა ბლერმა კი ხერხემალი დაიზიანა ცხენზე ჯდომისას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სახლი, სადაც გადაღებები მიმდინარეობა ხანძარმა გაანადგურა. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მესამე ნაწილმა კიდევ უფრო მეტი "უბედურება დაატრიალა”. სერიულმა მკვლელმა ჯეფრი დამერმა, რომელმაც 17 ადამიანი მოკლა, თქვა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფილმმა "ეშმაკის განმდევნელი 3″ (The Exorcist III). შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ფილმი რომ არა, სერიული მკვლელობები არ მოხდებოდა (ასევე შესაძლებელია, რომ ჯონ ლენონი დღეს ცოცხალი ყოფილიყო, მის მკვლელს მარკ ჩეპმენს რომანი "თამაში ჭვავის ყანაში” (The Catcher in the Rye) რომ არ წაეიკითხა). ხშირად ამბობენ, რომ ფილმი თავიდანვე დაწყევლილი იყო, რადგან არსებობს თემები, რომლებიც მეტისმეტად რელიგიურია და მათი საშინელებათა ფილმში გამოყენება არც ისე კარგი აზრია.
რომან პოლანსკი და "როზმარის ჩვილი”


საშინელებათა ფილმი "როზმარის ჩვილი” (Rosemary’s Baby) ის შემთხვევაა, როცა "წყევლა” მთლიანად რეჟისორმა იწვნია საკუთარ თავზე. 1967 წლის ბესტსელერი "როზმარის ჩვილი” ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელიც სატანისგან დაორსულდება და მისი პირმშო ანტიქრისტეა. ამბობენ, რომ როცა რომან პოლანსკიმ მისი წაკითხვის შემდეგ ფილმის გადაღება გადაწყვიტა, კავშირი დაამყარა სატანისტურ ეკლესიასთან (თავად პოლანსკიმ ეს ჭორი სასაცილოდ მიიჩნია). "როზმარის ჩვილი” 1968 წელს გამოვიდა და დიდი აღიარება მოუტანა პოლანსკის. იგი საშინელებათა კლასიკადაა აღიარებული.
თუმცა, განსხვავებით 1968 წლისგან, მომდევნო წელი ლეგენდარული რეჟისორისთვის უბედურების წელი გამოდგა. 1969 წლის 8 აგვისტოს რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე საკუთარ სახლში ოთხ მეგობართან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელს ისინი სასტიკად დაესახიჩრებინა. ამ ტრაგედიას ბევრმა "რომან პოლანსკის წყევლა” უწოდა და პირდაპირ დაუკავშირა "როზმარის ჩვილის” შექმნას.
"პოლტერგეისტი”


უკანასკნელი "ჰოლივუდური წყევლა” ცნობილ ფილმს "მუქ რაინდს” (The Dark Knight) უკავშირდება, რადგან მის გადაღებებს უამრავი საუბედურო ფაქტი დაემთხვა. გადაღებებს ერთ-ერთი დუბლიორი ემსხვერპლა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ცოტა ხანში მორგან ფრიმანი ავტოავარიაში მოყვა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. უსიამოვნება არც მთავარ გმირს ასცდენია. კრისტიან ბეილი პოლიციამ დაკითხა, როგორც საკუთარ დედაზე და დებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. თუმცა, მთავარი უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოხდა, ჰიტ ლეჯერის სიკვდილი იყო. ჰიტ ლეჯერი 2008 წლის 22 იანვარს საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭარბი რაოდენობით ჰქონდა მიღებული ფსიქოტროპული წამლები.
ამბობენ, რომ "მუქი რაინდის” გადაღებებისას ჰიტ ლეჯერი როლში იმდენად შეიჭრა, რომ ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა წამლების მიღებაც სწორედ ამიტომ დასჭირდა.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 880 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]