მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ჰელოუინი
12:50
ჰელოუინი

რა არის ჰელოუინი და როდის წარმოიშვა იგი?

ჰელოუინი არის დღეს ერთერთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ევროპაში, ამერიკაში და სხვა ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოში. ჰელოუინი არის თავისი წარმოშობით ერთერთი უძველესი ხალხური დღესასწაული, რომლის ძირებიც დაიძებნება კელტების უძველეს რელიგიაში. კელტები იყვნენ ის ტომები, რომელნიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის პირველსაუკუნეებში, კელტებს ჰქონდათ საიდუმლო რელიგიური პრაქტიკა, ქურუმები რომელნიც კელტურ რელიგიას ემსახურებოდნენ დრუიდების სახელით არიან ცნობილნი ისტორიაში. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს ჩვენ, ცნობილი ტერმინი დრუიდიზმი რელიგიების ისტორიაში, რომელიც დრუიდების რელიგიურ პრაქტიკას აღნიშნავდა. არამარტო ჰელოუინი, არამედ ზოგიერთი, ევროპაში გავრცელებული ხალხური დღესასწაული, სწორედ დრუიდულ რელიგიური კულტიდან იღებს სათავეს. ეს არის დღესასწაული ვითომდა ავი სულების, დემონური ძალების განსადევნელად, როგორც, ვთქვათ საქართველოში

პარალელი გავაკეთოთ, უძველესი დროიდან იყო ფეხმოკიდებული დღესასწაული "ჭიაკოკონა"-ს სახელით ცნობილი და ჭიაკოკონას დღესასწაულის ძირითადი არსი ვითომდა იყო ის, რომ ამ დღესასწაულზე ადამიანები რომელნიც ცეცხლს ახტებოდნენ, განდევნიდნენ თავიანთი თავიდან ბოროტ-დემონურ სულებს. სინამდვილეში ეს იყო მაზდეანური, ძველი ირანული დღესასწაულის "ორდალია"-ს ქართული ხალხური გამოვლენა. ვითომდა ეს დღესასწაული უნდა ყოფილიყო დამთხვეული დიდ ოთხშაბათს, რაც ზოგიერთის წარმოდგენით მოასწავებდა მის ქრისტიანულ შინაარსს, მაგრამ ბუნებრივია, ეკლესია ყოველთვის გმობდა ამ წარმართულ მსახურებას. იგივე ითქმის ჰელოუვინზეც. ეს არის ვითომ ქრისტიანობასთან რაღაცით კავშირში მყოფი რელიგია რადგანაც ანტიდემონური შინაარსისაა, მაგრამ თვითონვე აქვს დემონურ-სატანურ ძალებთან ფარული კავშირი, ფარული კონტაქტი.

რატომ ეწინააღმდეგება ჰელოუინი ქრისტიანულ სწავლებას?
ჰელოუინი იმიტომ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას რომ მას არა აქვს საფუძველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში და ქრისტიანული ეკლესიის პრაქტიკაში. ყველა დღესასწაული რომელიც აღინიშნება ეკლესიის წიაღში, თავისი შინაარსით ბიბლიური სამყაროდან უნდა მომდინარეობდეს. ვთქვათ ვდღესასწაულობთ მაგალითად შობის დღესასწაულს, ბუნებრივია რომ შობის დღესასწაულზე ჩვენ ვადიდებთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს განკაცებას. იბადება ანალოგიური კითხვა, რომ ჰელოუინის დროს ვის ვადიდებთ ჩვენ? ანუ სად არის აღწერილი ეს მოვლენა ან ეკლესიის ისტორიაში ან წმინდა წერილში? ბუნებრივია რომ არსად, ამიტომ იბადება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ჰელოუინის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა მართლმადიდებელი ქრისტიანის მხრიდან.

რატომ არ შეიძლება ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება?

ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება, რადგანაც იგი შენიღბული დემონური დღესასწაულია, ანუ არის გარკვეული სატანური რიტუალები, რომელსაც ამ შავი მაგიის მიმდევრები არც მალავენ, და არის დღესასწაულები, რომლებსაც ისინი ნიღბავენ. ანუ ვითომდა არის თავისი შინაარსით კეთილი და გარეგნულად სიკეთის ფორმა აქვს მას მორგებული, მაგრამ შინაგანად მტაცებელ მგელს ემსგავსებიან მასში მონაწილენი. ამიტომ აქ მოქმედებს პრინციპი: "მტერი მოსრული მოყვრულად, მტერზედვე უარესია". აი მისი შენიღბულობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს მის მზაკვრულ და მის არასაიმედო, ქრისტიანისათვის არასტაბილურ მდგომარეობას. ეს დღესასწაული სამწუხაროდ დღეისათვის ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის ცხოვრებაში შობის მერე თითქმის მეორე ადგილზე გავიდა ზოგიერთი სოციოლოგიური მონაცემებით პოპულარობის მიხედვით, რაც მოასწავებს დასავლეთის სულიერი სამყაროს დეგრადაციას ჩვენს ცოდვით დაცემულ ეპოქაში. რაც უფრო გადის წლები, სამწუხაროდ, ვითომდა ქრისტიანები უფროდაუფრო შორდებიან იმ სწავლებას, რომელი სწავლებაც მოციქულთა დროიდან არის გადმოცემული ეკლესიაში და რომელიც შეურყვნელი წესით არის დაცული ჩვენს პერიოდამდე. სამწუხაროდ ეს ტრადიციები უფროდაუფრო გადაფასდა, ღირებულებები უფროდაუფრო დაიკარგა, რაც მოასწავებს იმას, რომ ამ დღესასწაულმა დღეს საყოველთაო ხასიათი მიიღო.
საქართველოში როდიდან დაიწყო ჰელოუინის აღნიშვნა?

საქართველოში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა არცთუისე დიდი ხანია რაც დაფიქსირდა. ჩვენ გვახსოვს, რომ თითქმის 10 წლის წინ ჯერ კიდევ ხსენება არ იყო ამ ყველაფრის. რამ შემოიტანა ქართველებში ამ დღესასწაულის პოპულარობა? პირველი მიზეზი გახლავთ სწორედ დასავლურ სამყაროს განუზომელი ზეგავლენა ქართული სამყაროს სულიერ ცხოვრებაზე. ვიმეორებ, რაც უფრო გადის წლები, მით ჩვენი ქვეყანაც უფროდაუფრო მჭიდრო კონტაქტს პოულობს დასავლეთის ფასეულობებთან. ამიტომაც ბევრი რამ ისეთი, რაც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, ფეხმოკიდებული აღმოჩნდა ჩვენს სინამდვილეში. რამდენიმე წელიწადია რაც ამ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ თბილისის საკმაოდ ცნობილ ადგილებში, ცნობილ ცენტრებში და რაც ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მასში მონაწილეობას იღებენ მართლმადიდებლები, ვითომ მართლმადიდებლები რა თქმა უნდა, რომელნიც ერთი მხრივ მრწამსით აღიარებენ თავს ქრისტიანებად, მეორე მხრივ კი, თავიანთი ცხოვრების წესით ეწინააღმდეგებიან სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.
ამბობენ რომ ჰელოუინი განდევნის ბოროტ სულებს, რამდენად მართალია?

ჰელოუინი განდევნის ვითომდა ეშმაკეულ სულებს, სინამდვილეში იგი თანაზიარობა გახლავთ ეშმაკეულ სულებთან. ეს დღესასწაული მაგიურია თავისი შინაარსით, რადიკალურად განსხვავებული ქრისტიანული სულიერი პრაქტიკისაგან. ამიტომ ყოველმა ადამიანმა თავის თავში უნდა გაამარჯვებინოს სულიწმიდას-ჭეშმარიტებას, და მიხვდეს, გაარჩიოს, რაში მონაწილეობა იქნება მისთვის სასარგებლო და რაში მონაწილეობა იქნება მისთვის მავნე. ბუნებრივია, რომ არამარტო ჩვენ უნდა ავუკრძალოთ ჩვენს თავებს ჰელოუინში მონაწილეობა, არამედ, უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანებიც ნელნელა განვანათლოთ სულიერად და დავეხმაროთ სწორი არჩევანის, სწორი ორიენტირის გაკეთებაში.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 667 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]