მთავარი » 2010 » აგვისტო » 12 » გოდერძი ჩოხელი
20:23
გოდერძი ჩოხელი


მოგონება
ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა,
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი,ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა,
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და,
ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა.

 

 

 

თოვლი

 

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.

 

 

გაზაფხულზე


გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.

მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.

 

 

სევდა

 

სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი...

 

 

სთქვი და აასრულეგოდერძი ჩოხელო  (InLove)

 

 

 

სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს 
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

 

 

 

არაგველები

 

სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს 
ქართლის ქედებმა;
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე
და გუმანით
საიქიოს კარებს შევძახე:
_ ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან, 
გამოგვეშველეთ 
დიდ ომებში ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ,
არაგველებოო!

 

 


მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1359 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

 kaia  
   12.08.2010 22:35