მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » შექსპირის სონეტები
21:05
შექსპირის სონეტები


"გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,

 

არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,

არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო

შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.

შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,

შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.

შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,

მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.

არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,

და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,

მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,

გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,

შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,

ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ".

 

 

რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,

მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;

მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს

გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

 

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,

ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,

ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას

და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

 

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,

თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,

მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა

და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

 

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,

მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.

 

მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,

რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,

მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე,

თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.

 

ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან,

ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,

შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.

 

შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ.

თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,

ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები

და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს.

 

მეც ბულბულივით დამუნჯდება ვრაცხე წყალობად,

რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ.

 

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]