მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » ნიკო გომელაურის ლექსები
07:18
ნიკო გომელაურის ლექსები


ნიკო გომელაურის ლექსები

***

რაც ჰქონდა, მისცა თეთრი
ხელებგამოწვდილ გლახაკს.
"აგაშენებსო ღმერთი"
- გლახაკმა მიაძახა.

და ისე მოკვდა წამში,
იმას ვე მიხვდა გლახა,
რომ სწორედ ერთხელ, მაშინ,
თავადუფალი ნახა...

***

მე ახალი რაღა უნდა დავწერო,
მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე
რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო
რა ვქნა კალამს ვერ ვაკადრებ დავდუმდე
ფიქრი უნდა ფურცლებზე დავაქციო
სულ ახალი ლექსით უნდა დავბრუნდე
გუბეებში წრეებად, რომ ვაქციო.
თუმცა სეტყავა სულ არ იწვევს რომანტიზმს
ნამეტანსაც ნურავინ დაიბრალებს
მე ის მიყვარს ხულიგნურად როცა წვიმს
ქალს რომ ჩითის კაბას გაუმჭვირვალებს,
ანდაც წვიმას უდაბნოში რაღა სჯობს
იქ ხომ წვეთი ოქროს ზოდის ფასია
ოქროსთვის კი ვიცი, ძმა ძმას დაახრჩობს
ადამის შვილს არ აქვს სხვა ფანტაზია
ხალხი ჩქარობს შეიტანოს , დაზვერვოს
დიდი ტყლაპო ფეხს უსველებს ჯინაზე
მეც ახალი რაღა უნდა დავწერო
იდენი რამ დაწერილა წვიმაზე

***

მთები აჭრელდა,როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებათ.
ეხლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?!



***

რა შტერიო დააბრალა ძმას
დავთვერიო დააბრალა სმას
მეხვევაო დააბრალა ქალს
ვერ ხვდებაო დააბრალა ხალხს
დავიწვიო დააბრალა მზეს
რა ბილწიო დააბრალა ზმნებს
შევბერდიო დააბრალა ცრემლს
ვერ სეკრა და დააბრალა წრეს
გავცივდიო დააბრალა თოვლს
არ მიცდიო დააბრალა დროს
უვიციო დააბრალა ბრბოს
გულბილწიო დააბრალა ბოზს
უზრდელიო დააბრალა შვილს
კურდღელიო დააბრალა შიშს
თავს ვკარგავო დააბრალა ფიქრს
რას ვგავარო დააბრალა ფირს
არ მყოფნისო დააბრალა ფულს
მაყოვნებსო დააბრალა პულსს
კარგიაო დააბრალა ცუდს
ნაღდიაო დააბრალა ცრუს
მოკლედ ყველაფერი ასე დააბრალა სხვას
ცარიელი ცოდვით სავსე საფლავის ქვად დგას.

***

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


***

სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

***

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...


***

მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძლის ხე.....
ბუხარი....
სითბო.....
ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია

***

"საროჩკა”, "ნასკი”, "კრაოტი”, "პოლი” -
მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი.
"კუხნა”, "ბალკონი”, "ზალა”, "პადვალი”
- მითხარით ენა ამის ბადალი.
"პესოკი”, "სუმკა”, "ტუფლი”, "იუბკა”.
"რომელი გოდა ხარ?” – "თხუთმეტი სუტკა”
"მოვპარე სპიჩკა – მაქვს ეს პრივიჩკა”
"ლამპოჩკა”, "ჩაინიკი”, "კრაოტი”, "სტოლი”
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი
"შოფერი”, "მატორი”, "პაკრიშკა”, "ლიჟები”.
- საბა და ილია – "იმენა” გიჟები.


***

რა უსაშველოდ ლამაზად ბარდნის
ვუსმენ ფიფქების უნაზეს ლოცვას
კარგია როცა არავის ელი
არავის ელი და ვიღაც მოვა

***
წამომყევი...გაგიტაცებ ნაფოტივით,
ვნებამისჯილს დაგაყენებ ეშაფოტზე,
შეგეხები წლებისაგან დაკორტნილი,
დაგელევი,
რომ სიკვდილით შეზარხოშდე,
რომ სიცოცხლე დაივიწყო...
წამომყევი


***

შეშლილი ქარი კვლავ მედავება
აფრიალებას შენი კაბისას,
ნუთუ არსებობს, რომ მე დავება?
ნუთუ გაიტანს მაინც ტავისას?...
სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,
რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით.
შემთვრალი მთვარე თავს არ გარიდებს
გადარეულა შენი წვივებით...
წვიმა თავნება პირ-სახეს დაგბანს,
მოგიალერსებს ცივი ხელებით
და შეეცდება ზეცა შენს დაბმას
ოცნების მსგავსი ცისარტყელებით.
მაგრამ უქმეა მათი ხარჯები,
ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები!..

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 657 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]