მთავარი » 2010 » ნოემბერი » 3 » EMINEM
18:28
EMINEM

მუსიკოსის შემოქმედება მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ განსაზღვრა - „ასე რომ არ ყოფილიყო, სულ სხვაგვარად ვიმღერებდი"... და რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა მისი დაბადება იყო.

მარშალ ბრიუს მეტერს III ამერიკაში, კანზასთან ახლოს, მიყრუებულ ქალაქ სენ-ჯოზეფში დაიბადა. ერთ-ერთი ვერსიით ეს 1972 წელს მოხდა, სხვა წყაროებთ კი 1974-ში ან 1975-ში - ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. დედას ცუდად ახსოვს, მამას საერთოდ დაავიწყდა, თავად კი რაღაც პერიოდში ნარკოტიკების გადაჭარბებით მიღების გამო ყველაფერი აერია. ერთი ცხადია, მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. „წყევლა დაბადებიდან ჩემზეა", - აცხადებს ის ერთ-ერთ სიმღერაში. მისი „დედიკო დები" მღეროდა მუსიკალურ ჯგუფში, რომელიც კონცერტებს ძირითადად მისურის შტატის საზღვრების გაყოლებით პატარა ბარებში მართავდა. მალე 15 წლის დები თავისი ჯგუფის წევრ მარშალ მეტერს II-ზე დაქორწინდა და რამდენიმე წელიწადში ქვეყანას მარშალ ბრიუს მეტერს III მოევლინა. პატარა 6 თვისაც არ იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და სადღაც გადაიკარგა. ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი მარტოხელა დედისთვის ბავშვი მძიმე ტვირთად იქცა. პატარას ის ყველანაირი ცხოვრებისეულ უიღბლობაში და უბედურებაში ადანაშაულებდა. შემდგომში ოჯახური სითბოს არარსებობით და დანაშაულის შეგრძნებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვა (არა უკანასკნელი) მომავალი მუსიკოსის მუდმივი სულიერი მოუსვენრობის და ტალანტის გამოვლენის მიზეზი გახდა. პირადი ბედნიერების და შემოსავლის ძიების მიზნით დები პატარა მარშალთან ერთად მისურიდან მიჩიგანამდე ძველი, დანჯღრეული ტრაილერით მოგზაურობდა. მუდმივად აუწყობელი და ქაოსური ცხოვრების გამო ფული არასოდეს ყოფნიდა და ხშირად იძულებული იყო მიემართა ნათესავებისთვის, რომლებიც მას ელემენტარული საარსებო საშუალებებით ეხმარებოდნენ. ცხელი 60-იანი წლების შემდეგ, 70-იანის ნამთვრალევ-ნაბახუსევ დეპრესიას დები ძირითადად ნარკოტიკებით და ალკოჰოლით ებრძოდა.
მოგვიანებით, როდესაც ცნობილი ემინემი ჟურნალ „Rolling Stone”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დედის ნარკომიდრეკილებებზე ისაუბრებს, დები მას სასამართლოში უჩივლებს და ცილისწამებისთვის 10 მილიონ დოლარს ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილმა დედას 25 მილიონი გადაუხადა („ყველაფერი რიგზეა, დედიკო"), საიდანაც თავად დების მხოლოდ 2 მილიონი ერგო (დანარჩენი თანხა ადვოკატს გადასცა).
დები საცხოვრებელ ადგილს სწრაფად იცვლიდა, რის გამოც მარშალი თანატოლების და სკოლის გაცნობასაც ვერ ასწრებდა. პატარა ბიჭი სრულ მარტოობაში იზრდებოდა, რასაც ყოველთვის ავადმყოფურად განიცდიდა. 1984 წელს დები კანზასში ჩამოდის და 10 წლის მარშალისთვის ერთადერთი მეგობარი და შემდეგ მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი დედის ძმა რონი ხდება: „ერთადერთი, ვისაც ვჭირდებოდი, ეს რონი იყო. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, მისი დამსახურებაა". პროფესიით მუსიკოსი რონი იმ პერიოდში ჰიპ-ჰოპით იყო გატაცებული და რეპს თავადაც კითხულობდა. მან პირველმა გააცნო მარშალს თანამედროვე მუსიკის ეს მიმდინარეობა, რომელიც მისი საყვარელი დისშვილის შემდგომი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რონი მარშალისთვის მეგობარი, მამა და ნამდვილი კუმირი იყო: „რონის გარეშე არასდროს ვიქნებოდი ის, ვინც ვარ". მალე დები 12 წლის მარშალთან ერთად დეტროიტში დასახლდა, სადაც გაურკვეველი მამისგან კიდევ ერთი შვილი - ნატანი შეეძინა. ძმასთან მარშალს ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, დედასთან კი მხოლოდ ჩხუბი და გაუთავებელი სკანდალები აკავშირებდა. ოჯახურ სითბოს მოკლებული პატარა ბიჭი მამას წერდა წერილებს, რომლებიც უკან უბრუნდებოდა წარწერით - „დაუბრუნდეს გამომგზავნს".
მოგვიანებით, როდესაც მარშალ II თავის უკვე ცნობილ შვილთან ურთიერთობას ცდილობს, ემინემი მას ახლოსაც არ გაიკარებს და დღემდე ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში გინებით მოიხსენიებს.
დეტროიტში ისინი „შავ რაიონში" ცხოვრობდნენ. თეთრი მოზარდისთვის ამ რაიონში ცხოვრება მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში იყო. „სახლიდან გასვლის წინ არასდროს ვიყავი დარწმუნებული, რომ შინ ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდებოდი. შექმნილი სიტუაციის გამო ხშირად სიკვდილსაც ვნატრობდი". „მე ეს ყოველთვის ფეხებზე მეკიდა, რადგან დალტონიკი ვარ", - ამბობს მოგვიანებით დები, - „მაგრამ ახალგაზრდობა ჩვენს რაიონში მართლა საძაგლად იქცეოდა და მარშალსაც ხშირად ხვდებოდა". ერთხელ შავკანიან თანატოლებს შეეჯახა. – „თავიდან მეგონა ბოტასები უნდოდათ, მაგრამ ასე არ იყო", - მოწინააღმდეგებმა მას შუბლზე იარაღი დაადეს მხოლოდ იმისთვის, რომ განსხვავებული ფერის კანი ჰქონდა. ქუჩაზე არანაკლებ საშიში ადგილი სკოლა იყო. აქ მისი მთავარი მტერი იყო უფროსკლასელი, ვინმე დ’ანჯელო ბეილი, რომელთანაც წლების განმავლობაში მძიმე ურთიერთობა ჰქონდა. ამ ტიპთან ურთიერთობის ისტორია მას (უკვე როგორც ემინემმა) თავის ერთ-ერთ სიმღერაში „Brain Damage" გადმოსცა. ერთხელ ამ „დაუძინებელმა მტერმა" მას თავი ყინულზე გონდაკარგვამდე არტყმევინა. შედეგად, მარშალი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, სადაც 5 დღე-ღამის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ნებისმიერ უსაქციელობას (და გაუნათლებლობასაც) თავისი ფიზიკური მდგომარეობით ხსნიდა: „მე ავად ვარ, გესმით, ავად ვარ!" და ძირითად დროს მუსიკას უთმობდა. პირველი რეპ-ფირფიტა, რომელიც მარშალმა მოისმინა, იყო „აის-თის" "Rhyne Pays”, რომელიც მას ბიძია რონი, (1987 წელს) აჩუქა. „ჩანაწერმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შედეგადაც მტკიცედ გადავწყვიტე რეპერი გავმხდარიყავი" - იგონებს მუსიკოსი.
13 წლის ასაკში სკოლის საუკეთესო რეპერი ხდება და პარალელურად მონაწილეობს ე.წ. „ბრძოლებში", რომელსაც დეტროიტის რეპერი მოზარდები ქუჩაში მართავენ. ამ შეჯიბრებებში ის ერთადერთი თეთრკანიანი იყო, რაც შავკანიან მეტოქეებში საშინელ აგრესიას იწვევდა: „ეი, შენ, აყროლებულო თეთრო ნაბიჭვარო, აქედან წაეთრიე და შენი როკ-ნ-როლი დაუკარი". აქ მათ აშკარად ავიწყდებოდათ, რომ ოდესღაც ეს მათი „შავი და ჭუჭყიანი" მუსიკა იყო, რომელიც შემდგომ ელვის პრესლიმ „გაათეთრა". მარშალმა კი (რომელიც შემდგომ რეპის ელვისად იქცა), თავისი ფერკმრთალი ფიზიონომიით ჭეშმარიტად ზანგური რეპი შექმნა. „მე თეთრი ვარ მუსიკაში, რომელიც შავკანიანებს ეკუთვნით", - ამბობს მოგვიანებით უკვე წარმატებული რეპერი, - „მე არც მათი კულტურის იგნორირებას ვაკეთებ და არც რამის გადაგდებას ვცდილობ. კანის ფერს არავინ ირჩევს... მთელი ცხოვრება რასობრივი პრობლემა მქონდა: ადრე იმიტომ, რომ თეთრი ვიყავი და ახლა იმიტომ, რომ რეპერი ვარ. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს ყველაფერი საშინლად მაღიზიანებს". ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, უჩვეულო ტალანტის და არტისტიზმის წყალობით, თანდათან იძენს შავკანიან მეგობრებს, რომლებისგანაც მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას პოულობს. უკვე 15 წლის ასაკში საკუთარი მუსიკალური ჯგუფი და მეგობარი გოგონა კიმბერლი სკოტი ჰყავს. მალე სკოლიდან რიცხავენ (მას შემდეგ, რაც IX კლასის დამამთავრებელ გამოცდაზე სამჯერ ჩაიჭრა) და მისი არსებობით ისედაც გაღიზიანებული დები კატეგორიულად უცხადებს: „ან იმუშავებ და გადასახადების გადახდაში დამეხმარები, ან ...!"
მარშალი სახლიდან მიდის და რამდენიმე ხნის განმავლობაში სეზონურ მუშად, ოფიციანტად და ოჯახის მზარეულად მუშაობს. რესტორნის მფლობელი შემდგომ იგონებს, რომ ეს ახალგაზრდა მუშაობის დროს მუდამ რეპს კითხულობდა, რითაც კლიენტებს აფრთხობდა და მის გულისწყრომასაც იმსახურებდა. პარალელურად ის დეტროიტის სხვადასხვა რეპ-კონცერტებში მონაწილეობს. ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ კლუბშიც იწვევენ, ხოლო უკვე ერთ წელიწადში დეტროიტის რადიოსადგურის ყველაზე საუკეთესო ჰიპ-ჰოპებში გამოდის. ამ პერიოდში ჯგუფთან „Basement Productions” და "The New Jacks” გამოდის, ხოლო შემდეგ დუეტ "Soul intent”-ს უერთდება. მუდმივი კონკურსებით და გამოსვლებით დასუსტებულს, ისედაც არამდგრადი ნერვული სისტემით, ცხოვრება აუტანელ სიღატაკეში უწევდა: „მეგობრები არა მარტო მამხნევებდნენ და მკვებავდნენ, არამედ ჩემთვის ტანსაცმელსაც ყიდულობდნენ, რადგან მე ამის საშუალება არ მქონდა". ამ პერიოდში რონიმ მას მუსიკისთვის თავის დანებება ურჩია, მაგრამ მარშალისთვის ეს უკვე „მწვავე დაავადება" და ცხოვრების აზრი იყო. „რეპერობა მინდა, - განუცხადა მან რონის, - მსურს რეპის ვარსკვლავი გავხდე".
1993 წლის 13 დეკემბერს რონი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. მომხდარში მარშალი საკუთარ თავს ადანაშაულებს და საშინელ დეპრესიაში ვარდება. „რონის რომ ჩემთვის დაერეკა და დამლაპარაკებოდა, ამას არ გააკეთებდა" - ამ აკვიატებული აზრით დატანჯული სახლში იკეტებოდა და ყოველგვარ გამოსვლას წყვეტს. თვეების განმავლობაში არავის ნახვა არ სურს და მთელი დღეები მხოლოდ რონის ჩანაწერებს (და მის მიერ ჩაწერილ კასეტებს) უსმენს. თავის მუსიკას მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაუბრუნდა, როდესაც მეგობარი გოგონას ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. მომავალი მშობლები დეტროიტის ძველ ტრაილერში დასახლდნენ. 1995 წლის 25 მაისს მათ შეეძინათ ქალიშვილი ჰეილი (Haillie Jade), რომელიც „დაღვრემილი და პირქუში" რეპერისთვის „მზე, მუზა" და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი არსება გახდა. ქალიშვილის დაბადება მარშალის პირველი ალბომის გამოსვლას დაემთხვა - „infinite" პირველი იყო, სადაც შემსრულებელი სცენური სახელით „ემინემი" გამოჩნდა. მაგრამ ჰიპ-ჰოპით გადატვირთულ დეტროიტში შეუმჩნეველი დარჩა და ალბომის მხოლოდ 1000 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო და ხმის ჩამწერმა სტუდიამ დახარჯული ფულის დაბრუნებაც ვერ მოახერხა. ადგილობრივმა ჰიპ-ჰოპ საზოგადოებამ, ავტორი რეპერების Nas და Az-ის კოპირებაში დაადანაშაულა. ემინემი იგონებს: „ალბომი ცდა იყო, რათა ჩემი მომავალი რეპის ჟღერადობა გამერკვია". შექმნილ სიტუაციას რეპერის სრული უსახსრობაც ამძიმებდა, მას იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ საყვარელი შვილისთვის საფენები ეყიდა. რამდენიმე თვის შემდეგ კიმი შვილთან ერთად მშობლების სახლში გადადის და მარშალს იქ გამოჩენასაც კი უკრძალავს. დეკემბრის თვეში მუსიკოსი ნარკოტიკების გადაჭარბებით მიღების გამო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა: „სიცოცხლე აღარ მინდოდა. უიღბლო ტიპი ვიყავი და ერთადერთ გამოსავალს სიკვდილში ვხედავდი". თავისი ცხოვრების უმძიმეს მომენტებს, მოგვიანებით ის სხვაგვარ შეფასებას აძლევს: „ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ჩემს მუსიკაში სათქმელი არაფერი მექნებოდა".
1997 წელს წარუმატებლობით გულდაწყვეტილი მუსიკოსი სლიმ შეიდის ფსევდონიმით ახალ ალბომს „The Slim Shade EP" წერს, სადაც ყველა თავის კრიტიკოსს ჯანდაბაში აგზავნის. „სლიმ შეიდი ჩემი ცუდი ფიქრებია, რომელიც ზოგჯერ თავში მომდის", - ასე ხსნის ავტორი თავის აგრესიას, - „ის ფიქრობს იმას, რასაც არ უნდა ფიქრობდეს". ახალი პერსონაჟი შემთხვევით დაიბადა, როდესაც რეპერი სარკის წინ თავისი ფსევდონიმის (ემინემი) გაშიფვრას ამაოდ ცდილობდა. "პირველი რაც ენას მომადგა, საშინელი გინება, ანუ ჩემი სულის შავი მხარე იყო". მუსიკალურ სამყაროში აგრესიული სლიმ შეიდის შემოვარდნა რეპ-ანდერგრაუნდმა კარგად მიიღო. სიმღერა ალბომიდან „Just don’t Give A Fuck” ანდერგრაუნდის ცნობილ ჰიტად იქცა. ამის შემდეგ რეპერი სხვადასხვა ცნობილ ჰიპ-ჰოპ ჯგუფებთან თანამშრომლობს. 1997 წელს ავტორიტეტული ჟურნალი „Source" ტელეშოუში მის მონაწილეობას „წლის საუკეთესო გამოსვლას" უწოდებს. ათი თვის განმავლობაში კლუბებში წარმატებული გამოსვლების შემდეგ ემინემს ლოს-ანჯელესში ყოველწლიურ კონკურსზე „Rap Olimpics" იწვევენ. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ბინიდან ასახლებენ და ის იძულებული ხდება დალუქული კარი შეანგრიოს: „ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. სახლში ყველაფერი გამორთული დამხვდა. პირდაპირ იატაკზე მეძინა... მოკლედ, ყელამდე ლაფში ვიყავი. მეორე დილით გავიღვიძე და ლოს-ანჯელესში გავემგზავრე".
ლოს-ანჯელესში ემინემს არნახული წარმატება ხვდა. კონკურსზე მისი გამოსვლით აღფრთოვანებული რეპერები ფეხზე წამოდგნენ. „მიეცით პირველობა ამ თეთრს! - ყვიროდნენ ისინი, - ის ზედმეტად კარგია... პირველობა მას ეკუთვნის". კონკურსზე ემინემს მეორე ადგილი ერგო, ლოს-ანჯელესში ყოფნის დროს მუსიკოსი თავის მენეჯერთან, პოლ როზენბერგთან ერთად დემო-ჩანაწერს სხვადასხვა რეკორდ-ლეიბლებში აგზავნის და ამ გზით კომპანია „interscope Records"-ის წარმომადგენლებთან ხვდება. ლეგენდის თანახმად, ამის შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება: ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი Dr.Dre შემთხვევით ემინემის დემო-ვერსიას ისმენს. „მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, - ამტკიცებს Dr.Dre, - დემო-ჩანაწერებში კარგს არაფერს შევხვედრივარ, ამ ბიჭმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა". „მომიძებნეთ ის დაუყოვნებლივ!" - აცხადებს პროდიუსერი და ძალიან მალე „ამ ბიჭის" დამრიგებელი და მთავარი მასწავლებელი ხდება. „უდიდესი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის ჩემით დაინტერესება დიდი პატივი იყო, - იხსენებს ემინემი, - მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი". თავად Dr.Dre ხშირად ხუმრობს, რომ მისი თეთრი მოწაფე ქანთრის შემსრულებელი შავი ბიჭივით გამოიყურება: „მერე რა, რომ მისი თვალები ცისფერია?... თუნდაც იასამნისფერი იყოს! მთავარია, მას მუშაობა შეუძლია".
1999 წლის 23 თებერვალს „Aftermath Records” მარკით გამოდის ალბომი "the Shady EP", რომელიც ბილბორდის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. კომერციული წარმატება განსაზღვრა MTV-ზე დატრიალებული კლიპების არნახულმა პოპულარობამაც, რომელმაც ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა. კლიპებში წარმოდგენილმა პაროდიებმა მერილინ მენსონზე და თვით ამერიკის პრეზიდენტზე, აუარება კეთილმა სიტყვამ ნარკოტიკებსა თუ ძალადობაზე, ამერიკა შოკში ჩააგდო. თავად მუსიკოსი კი თავის ახალ ნამუშევარს პირობითად „დოქტორი ემინემი და მისტერ შეიდი" უწოდა, რითაც შეეცადა მსმენელებისთვის შეეხსენებინა, რომ ჭუჭყიანი, ბილწი შეიდი მხოლოდ და მხოლოდ მისი (ცისფერთვალება ემინემის) შავი მხარე იყო: „მგონია აუცილებელია ხალხმა განსაზღვროს, როდის ვარ სერიოზული და როდის ვსულელობ. უმრავლესობა ჩემი სიმღერებისა სასაცილოა… მე დეფორმირებული იუმორის გრძნობა მაქვს". ალბომი სამჯერადი პლატინის გახდა (სამ მილიონზე მეტი გაიყიდა). 1999 წელს ემინემს, როგორც ახალბედა შემსრულებელს, MTV-ს პრემიით აჯილდოვებენ. ამავე წელს ის „გრემის" ცერემონიალზე ორი სტატუეტის მფლობელი ხდება - საუკეთესო „ჰიპ-ჰოპ ალბომი" და „საუკეთესო გამოსვლა". 1999 წელს კომპანია „interscope Records" მას თავის ლეიბლს „Sady Resocords” აძლევს.
ემინემი რეპის ვარსკვლავი გახდა. მისი ტალანტი მთელმა მსოფლიომ აღიარა, თუმცა შავკანიან მუსიკოსებს შორის ყავდა მოშურნეებიც, რომლებიც ამ წარმატებას მხოლოდ კანის ფერის დამსახურებად თვლიდნენ. მუსიკოსს ეს ახლა ნაკლებად აღელვებდა. თავისი ახალი სტატუსის მშვენიერი ხიბლით და უპირატესობით ტკბებოდა, რაც უპირველეს ყოვლისა, მის პირად ცხოვრებაზე აისახა. კიმი დაბრუნდა. მათ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს და ახლადშეძენილ სახლში დასახლდნენ. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თითქოს მუსიკოსის აგრესია - „ჩაძაღლდი ძუკნავ, ჩაძაღლდი!" წარსულს ჩაბარდა. მაგრამ... ძალიან მალე, კეთილმოსურნეები ცოლის ღალატის შესახებ ატყობინებენ. გააფთრებული მუსიკოსი ღამის კლუბში სკანდალურ სცენას აწყობს და საყვარლებს იარაღით ემუქრება. სკანდალში ერევა პოლიცია, რომელიც მას იარაღის უკანონოდ ტარებაში დებს ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღში ტყვიები არ აღმოჩნდა (რაც ადგილზევე დადასტურდა), ქმრის უმართავი ხასიათიდან გამომდინარე შეშინებულმა კიმმა თავის მოკვლა სცადა. გონს მოსვლისთანავე სასამართლოს მიმართა - ემინემს გაყრაზე თანხმობა და მორალური შეურაწყოფისთვის ფულის გადახდა მოსთხოვა. ქალმა სასამართლოზე ქმრის ცნობილი სიმღერა „Kim" მოიშველია და მუქარით და ისტერიკით სავსე შთამბეჭდავი მონოლოგის დახმარებით პროცესი მოიგო.
ამის შემდეგ ემინემი წარმატებულ კარიერას აგრძელებს და ყველა შესაძლო შემთხვევაში თავის, „ამაზრზენი სახის" შენარჩუნებას ცდილობს. „დედაჩემი ჩემზე უფრო გრძელს (ბალახს?!) ეწევა!", „მე ძირითადად ექსტაზის ზემოქმედებით ვწერ!"... და მსგავსი განცხადებებით რეპერი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. თაყვანისმცემელი ქალები მის შარვალზე შეხებას ნატრობენ. ჰონორარები დიდი ხანია ყველაზე წარმოუდგენელ საზღვრებს აჭარბებს. ამავე პერიოდში შემოქმედებაში და ცხოვრებაში სკანდალური ქცევის გამო, მოწინაღმდეგებიც გამოუჩნდნენ. კანადაში მისი სიმღერების უკანონოდ გამოცხადების წარუმატებლობის შემდეგ, „DLAAD”-ის (გეების და ლესბოსელების ალიანსი დიფორმაციის წინააღმდეგ) მონაწილეებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს. აშშ-შ სენატის მოსმენებზე, სადაც „ძალადობის პროპაგანდა გართობის ინდუსტრიაში” განიხილებოდა, მხოლოდ მისი ლექსების ციტატებს იშველიებდნენ. მასმედიის წარმომადგენლები კომენტარს და ახსნა-განმარტებას მუსიკოსისგან ითხოვდნენ. „ჩემს ფირფიტებზე ცენზის გრიფია. ასე რომ, შვილებზე მშობლებმა უნდა იფიქრონ”. - პასუხობდა აღშფოთებული ემინემი.
2000 წლის მარტში გამოდის ემინემის მესამე ალბომი - „The Marshall Mathers LP”, რომელსაც რონის ხსოვნას უძღვნის. ალბომი ბილბორდებში მაშინვე პირველ ადგილს იკავებს და პირველივე კვირას 2 მილიონი ეგზემპლარი იყიდება. ვიდეოკლიპი კომპოზიციაზე „The Real Slim Shady” MTV-ზე „წლის ვიდეოდ” და „საუკეთესო მამაკაცურ ვიდეოდ” ცხადდება. დიდი წარმატება ხვდა სიმღერა „Stan”-ს, რომლის შესრულებისთვის მას „წლის საუკეთესო მსახიობი” უწოდეს. სიმღერა, რომელმაც გეების უმრავლესობის რისხვა გამოიწვია, რეპერმა „გრემის” ცერემონიალზე სექსუალური უმცირესობის ცნობილ წარმომადგენელთან, ელტონ ჯონთან ერთად შეასრულა. ცერემონიალზე ემინემი დააჯილდოვეს სამ ნომინაციაში, რომელთაგან ერთ-ერთი „საუკეთესო რეპ-ალბომი” იყო. ამის შემდეგ მუსიკოსი თავის ჯგუფ „D12”-თან ერთად მიემგზავრება ხანგრძლივ საგასტროლო ტურნეში, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხდება. 2002 წლის მაისში უშვებს ახალ ალბომს „The Eminem Show”, რომელიც კიდევ ერთელ იპყრობს მსოფლიო შოუ-ბიზნესს და რეპერი ამიერიდან თაობის „ნამდვილი ხმა” ხდება.
ემინემის ცხოვრება კინოს ჰგავს - სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დრამას. რეჟისორ კერტის ჰენდსონთან ერთად, ფილმში „8 მილი” შეეცადა თითქმის ავტობიოგრაფიული ისტორია მოეთხრო. ფილმში მომღერალი თამაშობს უბრალო ბიჭს, რომელიც რეპერობაზე ოცნებობს. წარმატებულმა კინოდებიუტმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და დღეს ის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება.
ბოლოდროინდელ თითქმის ყველა ინტერვიუში მუსიკოსი საოცრად ზრდილობიანი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ცნობილი თავმდაბლობა რამდენჯერმე გაუგებრობის მიზეზიც გახდა - თვითმხილველების თქმით, დაცვამ რეპერი რამდენჯერმე მისთვის განკუთვნილ საგრიმიოროში არ შეუშვა, რადგან თვითმარქვია ორეულად ჩათვალა; ერთხელ რესტორანში ოფიციანტმა პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვა, რადგან მიიჩნია არასრულწლოვნად, რომელსაც სპირტიანი სასმელის მოხმარება ეკრძალება. ყველაზე დასამახსოვრებელი სან-ფრანცისკოს შემთხვევა იყო, როცა ცნობილი მუსიკოსი ვიღაცამ ქუჩაში გააჩერა და კონკრეტულ ტერიტორიაზე ყოფნისთვის ფული მოსთხოვა. თავიდან მომღერალმა ეს ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ როდესაც ბიჭი იარაღით დაემუქრა, ემინემმა დეტროიტში მიღებული გაკვეთილები გამოიყენა და თავხედ მოძალადეს სასტიკად გაუსწორდა.
ემინემის, როგორც მუსიკოსის ფანსტასტიკური პოპულარობა თვითგამოხატვის დიდ საშუალებას იძლევა, მაგრამ ამასთანავე, ხშირად სასიამოვნო დროის გატარებასთან ერთად სულიერი სიმტკიცის გამოცდასაც გულისხმობს. სტრესებით სავსე ცხოვრება: გასტროლები, გამოსვლები, გადაღება და რაც მთავარია მუდმივი ინტერესი მისი პერსონის მიმართ - ეს ცხოვრების საჩუქარია, რომელიც მან ბავშვობაში გადატანილი ტანჯვის საფასურად ოცნებასთან ერთად მიიღო. ალბათ ამიტომაცაა, რომ მუსიკოსი ყველაფერს ფხიზელი თვალით უყურებს: ”დიდება - ის არ არის, რასაც ვეძებ. მე მხოლოდ პატივისცემა მსურს, მაგრამ ... ის დიდებასთან ერთად მოდის. რახან ასეა, თანახმა ვარ, იყოს დიდება!”

კატეგორია: ამბები | ნანახია: 836 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]