მთავარი » 2010 » აგვისტო » 13 » ძალიან გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ რა :D:D
21:09
ძალიან გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ რა :D:D


ამ დღეებში მივაგენი ცნობილი ზღაპრის "რწყილი და ჭიანჭველას” ნოდარ დუმბაძისეულ ვარიანტს, ბევრიც ვიცინე :) აშკარად არის სიმართლის მარცვალი ზღაპრის ამ ვარიანტში, ასევე აღსანიშნავია უკუაზრიც … :)



რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა რომ დაძმობილდნენ და რა უბედურებაც შეემთხვათ, ეს ყველამ ზეპირად ვიცით. ისიც ვიცით, რა დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა რწყილს, რათა ძმობილი ჭიანჭველა ეხსნა გაჭირვებიდან.

 

ზოგი ამ ზღაპრის საფუძვლად, ანუ დედაარსად ანდაზას – "ძმა ძმისთვისო, შავი დღისთვისო” – თვლის, ზოგი – "ხელი ხელს ბანს, და ორივე ერთად პირსო”, ზოგი – "მეგობრისთვის მეგობარიო”, ზოგი – "გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”, ზოგს კი "რწყილი და ჭიანჭველა” მექრთამეობის შემაძრწუნებელ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილ ზღაპრად მიაჩნია.

 

რომელი დებულებაა მათ შორის სწორი და მართალი? ვფიქრობ, არც ერთი! ზღაპარი შეგნებულად არის გადაკეთებული ანონიმური გადამწერლების მიერ იმ ნაწილში, სადაც რწყილი კატასთან მიდის და თხოვს, თაგვს თავი დაანებეო. ჩვენთვის დღემდე ცნობილ ვარიანტში კატა სამაგარიეროდ რწყილს რძეს სთხოვს. ეს ამბავი ფრიად გულუბრყვილოდ და არადამაჯერებლად გამოიყურება, განსაკუთრებით – დღეს. იმიტომ კი არა, რომ კატას რძე არ უყვარს, არა! კატას რძე უყვარს და მერე როგორ! მაგრამ შეცდომა აქ კი არ არის დაშვებული, შეცდომა იმაშია, რომ რწყილი არც იყო, არც არის და ვერც იქნება ვერასდროს რძის მშოვნელი.

 

 

ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ზღაპარში მეწველი ძროხა არის ნახსენები, რომელიც თითქოს ვიღაც რწყილს, ერთი მუჭა ბალახის გულისთვის, რამდენიმე ლიტრ რძეს აძლევს, ზღაპრის ავტორი ძალიან სასაცილოდ და უმწეოდ გამოიყურება, რა თქმა უნდა, სიუჟეტური ქარგის განვითარების თვალსაზრისით.

 

 

სინამდვილეში, აი, როგორ იყო:
…რწყილი ახტა, დახტა და კატასთან მივიდა.
– გამარჯობა შენი! – უთხრა რწყილმა.
– რომელი ხარ? – ჰკითხა კატამ.
– რაც დუსტი გამოიგონეს, იმის შემდეგ ვეღარ მცნობ ხომ, შე რწყილიანო? – ეწყინა რწყილს.
– რწყილიანის ხმა მესმის! – უთხრა კატამ და, ყოველ შემთხვევისათვის, დუსტი მოიმარჯვა.
– საჩხუბრად არ მოვსულვარ, საქმე მაქვს, ერთი წუთით გამოდი გარეთ! – უთხრა რწყილმა და, ყოველ შემთხვევისათვის უკან დაიხია.

 

 

– თა რამე გაქვს სათქმელი, მაქედან მელაპარაკე! რწყილი და ოხრობა არ აკლია ჩემს ოჯახს! – უთხრა კატამ.
– თაგვს უნდა დაანებო თავი, ჩემო კატავ! – თხოვა რწყილმა.
– თაგვს რომ დავანებო თავი, შენ არჩენ ჩემს ცოლ–შვილს? – ჰკითხა კატამ. რწყილი შეწუხდა: "ეს რა სისულელე ვთხოვე, მართლა რომ დაანებოს თაგვს თავი, ხომ დაიღუპაო კატა?!” მაგრამ ძმობილი ჭიანჭველა გაახსენდა და აიღო ნამუსზე ხელი.
– დაანებე, ჩემო ფისუნია, თაგვს თავი, თორემ იღუპება ჭიანჭველა! – გადმოყარა კურცხალი რწყილმა.
– ჭიანჭველას რაღა მოუვიდა, შე კაცო? – შეწუხდა თავის მხრივ კატა.
– რა მოუვიდა და წყალში ჩავარდა და იხრჩობა!
– მერე ჩემი და თაგვის ვარიანტი შენ რაში გაწყობს?
– რაში და, შენ თუ თაგვს დაანებებ თავს, თაგვი თავს დაანებებს ორმოს, ორმო მომცემს ფეტვს, ფეტვს მივუტან კრუხს, კრუხი მომცემს წიწილს, წიწილს მივუყვან ქორს, ქორი თავს დაანებებს მუხას, მუხა მომცემს რკოს, რკოს მივუტან ღორს, ღორი, გასკდა მისმი მუცელი, შეჭამს რკოს, მერე მომცემს ჯაგარს, იმ ჯაგრიდან დავგრეხ თოკს და ბაწარს, დავუგდებ ჩემს ძმობილ ჭიანჭველას და ამოვიყვან წყლიდან. აბა, რა ვქნა?
– კი მაგრამ, გაძლებს შენი ძმობილი ჭიანჭველა ამდენ ხანს წყალში? – ჰკითხა კატამ.
– კაცო, მე ჩემსას ვიზამ, ხალხმა რომ არ თქვას მერე, ძმაკაცი ფეხებზე დაიკიდაო და გაძლებს თუ არა, მაგი თვითონ ჭიანჭველამ იდარდოს! – თქვა გულუბრყვილოდ რწყილმა.
– კი მაგრამ, მაინც რატომ დავანებო თავი თაგვს, ის ჭიანჭველა შენი მეგობარია, ჩემი ბიძაშვილია, მამიდაშვილია, დეიდაშვილია თუ რა? – თქვა კატამ.
– მეცი პატივი, ჩემო ფისუნია, და მთხოვე, რაც გინდა! – გაიქაჩა რწყილი.
– რაუნდა გთხოვო ახლა მე შენ? რძეს შენ ვერ მიშოვნი და თევზს, ისევ ხორცი უნდა მომიტანო! – მოჭუტა კატამ თვალები.
– მღუპავ? – ჰკითხა სევდიანი ხმით რწყილმა.
– ხორცი! სხვა ვერაფერი უშველის მაგ საქმეს! – კატეგორიულად თქვა კატამ.
– ძვირია, ბიჭო, ხორცი! ღმერთი არ გწამს?
– რა ვქნა, ჩემო რწყილო, ამ კნუტებს რომ უყურებ, ჯერ თვალი არ აუხელიათ და თითო კილო ხორცი არ ყოფნით დღეში. თვალს რომ აახელენ, მერე, ალბათ, მე შემჭამენ! – თქვა კატამ.

 

 

რწყილმა გადახედა პირდაფჩენილ კნუტებს, მერე – კატას, "ერთი თქვენი სისხლი დამალევიაო”, გაიფიქრა, დაწყევლა დუსტის გაჩენის დღე და უკან გაბრუნდა. მივიდა სახლში, მეზობელ რწყილს, რომელსაც სამოთახიანი ბინა ჰქონდა, უჭირდა და კიდევ ერთი ოთახის შემოერთებას ნატრობდა, იმას მიყიდა თავისი ერთოთახიანი, იზოლირებული ბინა. წავიდა ბაზარში. იყიდა სპეკულიანტისაგან ხორცი. მიუტანა კატას. კატამ თავი დაანება დროებით თაგვს. თაგვმა თავი დაანება დროებით ორმოს. ორმომ მისცა ფეტვი. ფეტვი მიუტანა კრუხს. კრუხი ეშმაკი გამოდგა და ინკუბატორის წიწილი გაატანა. წიწილი მიუყვანა ქორს. ქორი დროებით გადაფრინდა ახალ მუხაზე. იმ ძველმა მუხამ მისცა რკო. რკო მოიუტანა ღორს. ღორმა მისცა ჯაგარი. რწყილმა დაწნა თოკი–ბაწარი. მივიდა მუხასთან გამოაბა ეს თოკი მუხის ტოტს, გამოუსკვნა მარყუჟი და თავი გაუყარა შიგ…

 

ასე დამთავრდა ზღაპარი.

კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 469 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 3

ilia
 :yahoo:  
  Spam 04.05.2011 22:13

 lol  
  Spam 03.03.2011 10:59

saba
 haha daaan magariaaaaaaaaaaaaaaa  
  Spam 02.03.2011 19:36
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]